
პოლიტოლოგი ზაზა დობორჯგინიძე ეხმაურება BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
"ბიბისის ლოგიკა, რითაც ვარაუდობს, რომ კამიტი იყო არის ასეთი: შსს-ს აქვს შეძენილი ფხვნილი გაეროს კოდით UN3439 "ნიტრილები, მყარი, ტოქსიკური. N.O.S. სხვაგვარად დაუზუსტებელი". ამ ჯგუფში შედის ბევრი ნივთიერება. ყველაფერი, რაც შედის ნიტრილების ჯგუფში, არის მყარი ოთახის ტემპერატურაზე და ტოქსიკურია. ბიბისი-ს თქმით, აქციების დასაშლელად გამოყენების ისტორია ამ ჯგუფში მხოლოდ ბრომბენზილ ციანიდს, იგივე კამიტს აქვს და ამის საფუძველზე, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა კამიტი შეიძინეს.
ამ კოდით ნივთიერების შეძენას, როგორც ვხვდები ადასტურებს გომელაური, მაგრამ არა კამიტის. ამ შემთხვევაში, უნდა გასაჯაროვდეს დოკუმენტი, შსს-ს მიერ კონკრეტულად რომელი ნივთიერებაა UN3439 კოდით შეძენილი და რა იყო მისი დანიშნულება შესყიდვისას", - წერს ზაზა დობოჯგინიძე.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. საქმე ეხება - ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას იმის შესახებ, რომ შარშანდელ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში შერეული იყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი, აკრძალული ქიმიური აგენტი "კამიტე", იგივე ბრომო-ბენზილ ციანიდი.
ხელისუფლება აბსურდულს უწოდებს ჟურნალისტური გამოძიების დასკვნას და აცხადებს, რომ მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად BBC-ის არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი. ასევე ამბობენ იმასაც, რომ ყველა ვარაუდი აგებულია მხოლოდ დაინტერესებული პირების - საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეების და მათი ოჯახის წევრების მოსაზრებებზე.
"ქართულმა ოცნებამ" საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეს არის მცდელობა, ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია - საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 319-ე მუხლებით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია.
0
0