
არჩევნებამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება, მაგრამ რა კონფიგურაციით წარდგება ოპოზიცია, ჯერჯერობით უცნობია. მკაფიო პოზიცია აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და სხვა პარტიებსაც მოუწოდებს, მათ მსგავსად მოიქცნენ, რასაც არ ეთანხმება გახარიას პარტია - ისინი არჩევნებში მონაწილეობენ.
პარტია "ლელო-ძლიერი საქართველო" კი კვლავ მოლაპარაკებებს ცდილობს და მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტები დაკვეთებს გარედან ელოდებიან, თუმცა ასევე განმარტავენ, რომ ეს მათ შედეგებზე არ აისახება.
პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, სინამდვილეში, "ქართული ოცნების" დახმარება და მისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება იქნება.
"ჩვენი პარტიის პოზიცია არის მკაფიო და ცხადი, საზოგადოებისთვის ცნობილი. მოვუწოდებთ სხვა პარტიებსაც, ნუ შეაქცევენ ზურგს საკუთარ ამომრჩეველს, საზოგადოებასა და ქართველ ხალხს, რადგან ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, სინამდვილეში, იქნებოდა ამ რეჟიმის დახმარება და ერთგვარი ლეგიტიმაციის მიცემა", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
0
0