
დღეს ჩვენ ახალს არაფერს არ ვხედავთ, ბოლო ორი დღის განმავლობაში ზუსტად იგივე სცენარით ვითარდებოდა მოვლენები, ეს ე.წ. მშვიდობიანი პროტესტი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„მნიშვნელობა არ აქვს რომელ არხს უყურებთ, ყველა ხედავს ერთი და იმავე სურათს, რომ აქ აბსოლუტურად არაფერი არ არის მშვიდობიანი. მე არ მაქვს საუბარი და არ ვეხები ყველა იმ ადამიანს, ვინც რუსთაველზე არის მისული თავისი პროტესტის გამოსახატად. იქ არის ძალიან დიდი ჯგუფი იმ ადამიანებისა, რომლებიც მისულები არიან პირდაპირ პროვოკაციისთვის და რადიკალური ქმედებების ჩასადენად.
საათების განმავლობაში გრძელდება პოლიციის მიმართ ისეთი სიტყვების ძახილი, რომ მე ამას ეთერში ვერ გავიმეორებ. შემდეგ გადადიან ისინი ქვების და ბოთლების სროლაზე, რომელიც ქვებით არის გატენილი, რკინის ბურთულიანი შურდულები, პიროტექნიკა, რომელსაც პირდაპირ სახეში უმიზნებენ და ისე ესვრიან მაშინ, როდესაც პოლიცია დგას აბსოლუტურად გაუნძრევლად. ისინი უბრალოდ იცავენ პარლამენტის შესასვლელებს 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩაზე და როდესაც უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის ეს ყველაფერი, შემდეგ აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ დაშლისკენ.
ჩვენ რა თქმა უნდა ვგმობთ ძალადობას, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხრიდან მოხდება ეს. პირველი ორი დღის განმავლობაში ჩვენ ერთეული შემთხვევები ვიხილეთ ისეთი, რომელიც რა თქმა უნდა არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი პოლიციელები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და როდესაც საათების განმავლობაში მათ ოჯახებს აგინებენ და ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ, შეიძლება ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს. თუმცა ამას მე არავის გამართლების მიზნით არ ვამბობ, თუ სადმე გადაცდომა იყო ყველაფერზე გამოძიება დაიწყება და რეაგირება იქნება.
შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ 50-ზე მეტი სამართალდამცავი არის გადაყვანილი საავადმყოფოში და 20-ზე მეტს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. მე მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც მისულები არიან რუსთაველზე, რომ უბრალოდ თავიანთი აზრი დააფიქსირონ, როგორც კი ისინი შეამჩნევენ იმას, რომ რადიკალური ჯგუფები გადადიან ასეთი ტიპის შეტევაზე და იწვევენ პოლიციელებს დაპირისპირებისკენ მაშინვე გაეცალონ იმ ტერიტორიას, ან მოუწოდონ სხვებს რომ არ განახორციელონ აგრესიული ქმედებები“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
0
0