21/04/2023
20:33
პოლიტიკა
„აშშ-ის კანონმდებლობით შედეგი ერთია - ამ ოთხ პირს არ აქვს უფლება, აშშ-ში შევიდნენ“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ბათუმლებთან“ ინტერვიუს დროს სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო იმსახურებს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას.
ამერიკელი დიპლომატისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება ბრალდებებზე.
„არ აქვს მნიშვნელობა, ქართულ ენაში რომელ სიტყვას გამოვიყენებთ, აშშ-ის კანონმდებლობით შედეგი ერთია: ამ ოთხ პირს არ აქვს უფლება, აშშ-ში შევიდნენ კორუფციულ აქტებში მონაწილეობის გამო. ამ პროცესს მოითხოვს აშშ-ის კანონმდებლობა.
რას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, ამას ადგენს საქართველოს ხელისუფლება. პარლამენტს აქვს ინსტრუმენტი ამ ბრალდებების, კორუფციის გამოსაძიებლად. ინფორმაციის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია საჯაროდ, ბრალდებების საფუძველი უკვე წლებია ფართოდაა ცნობილი.
ვფიქრობ, უკეთესი კითხვაა, რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო იმსახურებს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ათწლეულებია ამაზე მუშაობთ – ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნაზე, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის. ესაა შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა: საქართველომ აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისადმი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნისადმი ერთგულება. ამას იმსახურებთ“, - აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი.
შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
0
0