
დადასტურდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი, საკუთარი ინტერესების გამო, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს და ამაში ფულსაც იხდიან - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ ეხმიანება მმართველი გუნდი.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ლობისტური კომპანია "აკერმანის" მიზნები ანტისახელმწიფოებრივია და ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების მიზანმიმართულ დაზიანებას ემსახურება.
"კარგია, რომ ამერიკაში მოქმედებს ის კანონი, რომელიც ჩვენთან, სამწუხაროდ, რუსულ კანონად მონათლეს. ამ კანონმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის ოჯახი რა ძალისხმევას აწარმოებს იმისთვის, რომ მთლიანად საქართველო იყოს დაზიანებული. არ ერიდებიან არაფერს. საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ, რომ რამენაირად, ეს კანონიერ პატიმრობაში მყოფი გამოიხსნან," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით მიღებული რეზოლუციები და განცხადებები მხოლოდ ფაქტებს ეყრდნობა და ერთი კონკრეტული კომპანიის მიმართ ბრალდებები არაადეკვატურია.
ცნობისთვის, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ 28 გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლობისტური კომპანიის საქმიანობაში სხვა საკითხებთან ერთად შედიოდა ევროპარლამენტისთვის შეთავაზებული რეზოლუციის პროექტების მომზადება, სააკაშვილის საქმის მაგნიტსკის სიაში შეტანა და ამერიკელი სენატორების დარწმუნება საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის.
0
0