
ერთი პუნქტი მაინც გვითხრან და გვანახონ, რა არის ამ კანონში ანტიევროპული?! დაასახელონ, ან რა არის ანტიევროპული, ან რა არის რუსული და რა თქმა უნდა, მაშინ ვიტყვით, რომ მათ ამ გამწარებულ, გაშმაგებულ კამპანიას რაღაც საფუძველი აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონ-პროექტს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან.
„ამ კანონ-პროექტს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან და თუკი რამე საუკეთესო, ყველაზე უფრო ლიბერალური, ღია და გამჭვირვალე მიდგომა შეიძლება არსებობდეს ევროკავშირში, სწორედ ეს მიდგომებია ამ კანონ-პროექტში ასახული. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მათი მოწოდებებიც ასეთია, არ შევიდეთ არავითარ შემთხვევაში საგნობრივ, პუნქტობრივ განხილვაში, არ ვთქვათ რამე წინადადება, რაც შეცვლასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ან შესწორებასთან, პირდაპირ, რომ იტყვიან ტოტალური ბულინგი, ტყუილი იარლიყების მიწებებით შემოვიფარგლოთ, რომ ამით იქნებ მოსახლეობაზე გავლენა მოვახდინოთო. ჩვენ შიდა აქტორებსაც და დასავლელ პარტნიორებსაც ვეუბნებით, ძალიან გთხოვთ, ვიყოთ საქართველოს მიმართ ისეთივე ღია, როგორიც არის საქართველო თქვენს მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
0
0