
ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები. დაჭრილ უცხოელ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას ცეცხლი, სავარაუდოდ, 41 წლის გურამ ელიზბარაშვილმა გაუხსნა. შემთხვევისას დაშავდა თავად ელიზბარაშვილიც.
მომხდარი დაპირისპირების მოტივად ძაღლთან დაკავშირებული კონფლიქტი სახელდება. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. ელიზბარაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
„ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, თამაზ ელიზბარაშვილი ადასტურებს, რომ თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე დაკავებულია მისი შვილი.
ელიზბარაშვილის განცხადებით, მისი შვილი, გურამ ელიზბარაშვილი ძაღლს ასეირნებდი, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კონფლიქტი მოუვიდა.
მისივე თქმით, კონფლიქტის დროს ფეხში დაიჭრა გურამ ელიზბარაშვილიც.
"როგორც ვიცი, ჩემი შვილი დილით ძაღლს ასეირნებდა. გურამი 41 წლის არის, პატარა კი არ არის, 4 შვილის მამაა. ჰყავს ასევე მეხუთე ოჯახის წევრი, იგივე შვილი - პატარა დეკორატიული ძაღლი. ეს პატარა ძაღლი ჰყავდა სკვერში ჩაყვანილი. იქ იყო ყაზახი, რომელსაც არ მოსწონებია, რომ ძაღლს ასეირნებდა სკვერში. გურამისთვის უთქვამს, მოაშორე აქედანო. მოკლედ, შელაპარაკება მოხდა, ყაზახს ფეხი მოუქნევია ძაღლისთვის, ამას მოჰყვა ჩხუბი. ჩემი შვილიც ფეხშია დაჭრილი იარაღით. კამერების ჩანაწერებით ყველაფერი კარგად დადგინდება”, - განაცხად თამაზ ელიზბარაშვილმა.
გავრცელებული ცნობით, დაჭრილია ადგილზე მდებარე საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი.
მომხდარზე, როგორც ცნობილია, დაწყებულია გამოძიება.
0
0