23/05/2023
12:26
სამართალი
ამ დრომდე არა არის დაკავებული კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავე, რომელიც ქვემო ქართლში მომხდარ მკვლელობაში ფიგურირებს. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს კი ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
საუბარია 20 მაისს მომხდარ მკვლელობაზე. ცნობილია, რომ მარნეულის სამმა მცხოვრებმა თბილისიდან მარნეულის მიმართულებით ტაქსი გამოიძახეს. მოგვიანებით, ბრალდებულებმა ტაქსის მძღოლს ავტომანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული კაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს.
ტაქსის მძღოლის მანქანა მათ მარნეულის მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტოსახელოსნოში წაიყვანეს და კვალის დაფარვის მიზნით, ნაწილებად დაშლა დაიწყეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულები არიან 2001 წელს დაბადებული ნ.ა. და 2005 წელს დაბადებული ა.ა.
შსს-ს ცნობით, ამავე დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
0
0