
სამართალდამცავები კიევის რეგიონში, ბროვარიში მომხდარი ავიაკატასტროფის ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავენ. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა.
„ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტები მუშაობენ. მიმდინარეობს სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის განვიხილავთ ვერტმფრენის ავარიის ყველა შესაძლო ვერსიას. წინასწარი გამოძიება SBU-ს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დაევალა." თქვა პროკურორმა.
კოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე მისი პირადი კონტროლის ქვეშაა.
ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია. დაშავებულია 29 ადამიანი, რომელთა შორის, 15 ბავშვია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს მონაცემები რამდენჯერმე უკვე შეიცვალა.
ავიაკატასტროფას ემსხვერპლა უკრაინის შს მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე ჟენია ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იურა ლუბკოვიჩი.
ვერტმფრენი საბავშვო ბაღის სიახლოვეს ჩამოვარდა.
0
0