24/02/2023
22:22
პოლიტიკა
„თუ კიევი დაეცემოდა, გასაგებია, რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას, დავკარგავდით ყველაზე ძვირფასს, რაც გვაქვს - დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა აქციაზე მისულებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს იმედი, რომ ქვეყნის აშენება კიდევ შესაძლებელია, თუმცა აქციაზე შეკრებილი ხალხი ამ აზრის უარყოფაა.
„ზუსტად 1 წლის წინ ამ დღეს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს სჯეროდა, რომ უკრაინა დაეცემოდა, სჯეროდათ, კიევი 3 დღეში დაეცემოდა და თუ კიევი დაეცემოდა, გასაგებია, რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას, დავკარგავდით ყველაზე ძვირფასს, რაც გვაქვს - დამოუკიდებლობას, რომელსაც თაობებმა შეწირეს სიცოცხლე და ამისთვის უამრავი სისხლი გვაქვს დაღვრილი.
მიუხედავად ამისა, მერე სასწაული მოხდა. პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, როგორ გააჩერეს უკრაინელებმა ბოროტების იმპერია და მე, შეიძლება, ცხოვრებაში მეორედ მოვესწრო ამ იმპერიის რღვევას. 24 თებერვალს მორალსა და ამორალურობას შორის, თეთრსა და შავს შორის ძალიან მკვეთრი ხაზი გაივლო.
ის, რომ დღეს თქვენ აქ ხართ, ნიშნავს იმას,რომ თქვენ ამის ახსნა არ გჭირდებათ. არ გჭირდებათ იმის გაგება, ამ ბრძოლაში ვინ არის სიკეთის მხარეს და ვინ ბოროტების. საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან იმის გამო გარბიან, რომ მათ დაკარგეს იმედი. არ სჯერათ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ქვეყნის აშენებას, მაგრამ თქვენ დღეს აქ რომ დგახართ, ეს ამ აზრის უარყოფაა. ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ამათაც მოვიშორებთ! დიდება უკრაინას და დიდება საქართველოს!“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
0
0