
"ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა უბრალოდ შეუძლებელია. ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ ის არის არა ერთი რიგითი პარტია, არამედ დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომელსაც წყურია გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის" - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” არჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც, ყველას ქვეყნის შიგნით და ყველას ქვეყნის გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომელიც სათავეში ედო ნაციონალური მოძრაობის დაფუძნებას, ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა ვარდების რევოლუცია”, თქვა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, პარტიაში “ზეიმი” არ იგეგმება, “დღეიდან ახალი ენერგიით, შემართებით ვიწყებთ რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად”, აცხადებს ხაბეიშვილი.
"დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის, ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას, ეს არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირი გამოვლინებაა. ჩვენ, ცხადია, არ ვაპირებთ ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს. როგორც ეს მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს. ჩვენ ვაპირებთ შრომას და ამ შრომაში არასდროს არ დავიღლებით. დღეიდან ახალი ენერგიით, შემართებით ვიწყებთ რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად. ენმ დღეიდან იქნება ღია ყველა ახალი ადამიანისთის, ყველა იმ ჩვენი ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის, ვისაც თუნდაც ერთი აგურის დადება შეუძლია ამ ბრძოლაში", აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ენმ-ის ახლადარჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. პარტიის შიდა არჩევნებში მან ხმების 52.58% (21 656 ხმა) მიიღო. ენმ-ის არჩევნებში სულ 49 638 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა კი, 41 264-მა მათგანმა მიიღო.
0
0