
ეს ანგარიში იყო ფარისევლობა და კობახიძეს ამით ახალი არაფერი უთქვამს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ირაკლი კობახიძის წლისური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, პრემიერი ევროკავშირს აგინებს და ბიუჯეტის ფულით ბერლინში ძვირადღირებულ ვოიაჟებს აწყობს.
„მე არ მივანიჭე დიდი მნიშვნელობა მის გამოსვლას იმიტომ, რომ მას ანგარიშში არაფერი უთქვამს ახალი. ეს იყო ყალბი, ფარისევლური ანგარიში, იგივე „გლობალური ომის პარტია,“ რადიკალები, ცალ ფეხზე დგომა, სუვერენიტეტი - ეს ხომ ყველაფერი ფარისევლობაა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ ევროკავშირს აგინებენ, ლანძღავენ და შემდეგ ბერლინში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში ქირაობენ დარბაზს, იქვე ცხოვრობენ, ჭამენ, სვამენ, აწყობენ ფურშეტებს, თავისივე ელჩებს მასპინძლობენ, არ იყო ამბასადორიალი დანიშნული და სასწრაფოდ დანიშნეს. მე ზუსტად ვიცი, რა ღირს იქ საკონფერენციო დარბაზის დაქირავება. ბიუჯეტის ხარჯზე დადიოდნენ და მარტო კი არ წავიდნენ, საპარლამენტო მანდატურებიც კი წაყვანილი ჰყავდათ, პრესსამსახურის წევრები და ვინ აღარ. დაესწრნენ ფეხბურთს, მოიარეს იქაურობა და ამას აკეთებენ ჩვენს ხარჯზე. ამიტომ, დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობა და მასკარადი. ამ ადამიანს მორალური უფლება აღარ აქვს, რომ ესაუბროს საქართველოს მოქალაქეებს“ - განაცხადა დეკანოიძემ.
0
0