-share.jpg)
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე სოციალური ქსელით ეხმაურება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ახალი ობიექტების შეყვანის ფაქტს.
რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"საქართველოს კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა :
1.მცხეთურ ღვეზელს
2. ინფექციური დაავადება "ბატონების” მორჩენასთან დაკავშირებულ რიტუალებს, მღერას და ა.შ.
სასაცილო კი არის, მაგრამ მავნებლობაც იკითხება ამ გადაწყვეტილებაში. ანუ ხალხს ვეუბნებით, რომ აცრა კი არაა საჭირო, არამედ სიმღერით ეშველება ინფექციებსო?
კორონას რომ “ანადგურებდნენ” მღვდლები ნაკურთხი წყლის ქუჩებში პკურებით, ესეც ანტივაქსერობის წამახალისებელი რომ იყო, ხომ კარგად გამოჩნდა მერე? რომელ ქვეყანაში მოკვდა 17 ათასზე მეტი ადამიანი მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით? იქნებ ვირუსისგან წყლით პკურებით განკურნების მეთოდიც შეგვეყვანა ამ სიაში?
რაც შეეხება მცხეთის ღვეზელს, არ ვიცი ეს რა არის. სოკოთია, ლობიანით თუ ხორცით? ან რით გამოირჩევა იმ ღვეზელებისაგან, ჩვეულებრივ საცხობებში რომ იყიდება?
ან ონიაშვილის ქუჩის ლობიანი რატომ არაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი? სხვაგანაც იყიდება მსგავსი ლობიანები და უკეთესიცო, იტყვიან კულტურის სამინისტროში.
კი ბატონო, მაგრამ მათ ხომ პირველებმა გამოიჩინეს მარიფათი და სანამ ამდენი სუპერმარკეტი გაჩნდებოდა, ხომ შეგეძლოთ გეყიდა 6 ლარად მუყაოს გარეშე და 7 ლარად მუყაოს ყუთში? ახლა თითქმის სამჯერ მეტი რომ ღირს, მარტო ამისთვისაა დასახური ეს სამინისტრო - ეკონომიკის სამინისტროზე ვამბობ ახლა, თორემ კულტურის სამინისტრო და მისი მინისტრი დიდი ხანია დასახურია კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გამო ( მაგ. გელათი).
ამ ქრისტეშობა დღეებში პარლამენტის წინ აყუდებული ალტინფოს ჯვრის და ამ მის წინ პარლამენტის ბიუჯეტიდან ნაყიდი სასაჩუქრე კალათებით ალილოზე ატუზული დეპუტატების შეყვანა არ დაგავიწყდეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში", წერს გოცირიძე და დეპუტატების ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა: „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“; „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“; „რთველის ტრადიცია საქართველოში“; „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“; „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“; „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წესჩვეულებები საქართველოში“.
0
0