21/09/2023
14:19
მსოფლიო
კრემლის პრესსამსახურმა ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაავრცელა.
საუბრისას, ალიევმა „ბოდიში მოიხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ტრაგიკული დაღუპვის გამო“.
„ხაზგასმით აღინიშნა, რომ მომხდარზე ჩატარდება ყველაზე საფუძვლიანი გამოძიება და ყველა დამნაშავე დაისჯება სათანადოდ. ამასთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის გენერალური პროკურატურა მჭიდრო კავშირშია. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, მატერიალური დახმარება გაუწიოს დაღუპულთა ოჯახებს“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
რუსული მხარის განცხადებით, აღინიშნა ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის დახმარებით მიღწეული შეთანხმებების თანმიმდევრული შესრულების მნიშვნელობა.
„ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოლაპარაკებებს, რომელიც დაიწყო სამშვიდობო ძალების შუამავლობით ბაქოსა და სტეფანაკერტის წარმომადგენლებს შორის. განიხილეს რეგიონში სიტუაციის შემდგომი სტაბილიზაციისა და ჰუმანიტარული პრობლემების დაძლევის პრიორიტეტული ნაბიჯები. ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. დადასტურდა აზერბაიჯანული მხარის მზადყოფნა ამ საკითხებზე რუს სამშვიდობოებთან ურთიერთობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჩნობისთვის, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 20 სექტემბერს რუსი ჯარისკაცების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ისინი დაიღუპნენ. ინციდენტი მოხდა „რუსული სამშვიდობო კონტინგენტის დაბრუნების დროს, სადამკვირვებლო პუნქტიდან ჯანიატაგის დასახლების ზონაში“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
0
0