20/02/2023
15:37
მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანის ხელისუფლება 27 იანვარს თეირანში ქვეყნის საელჩოზე თავდასხმაში მონაწილეობაში დაადანაშაულა.
„ვითხოვთ გამჭვირვალე გამოძიებას. ის ფაქტი, რომ ტერორისტმა თავდასხმის შემდეგ, ინტერვიუ მისცა ირანულ მედიას, მიუთითებს მის კავშირზე ოფიციალური წრეების წარმომადგენლებთან“ - განაცხადა ალიევმა, რის შესახებაც გამოცემა Turan წერს.
ალიევმა აღნიშნა, რომ ირანის ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს და დასაჯოს არა მხოლოდ ტერორისტი, არამედ ის „ოფიციალური წრეების წარმომადგენლებიც, რომლებმაც ის გაგზავნეს“.
„ამის გარეშე შეუძლებელია ირანთან ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციაზე საუბარი“ - დასძინა მან.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა მოუწოდა ბაქოს, თავი აარიდოს მიკერძოებულ და პოლიტიზებულ განცხადებებს დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმის შესახებ.
მისი თქმით, „ამ მწარე ინციდენტის ყველა ასპექტი განიხილება და იძიებს გულდასმით და სპეციალიზირებული წესით“ და ირანი მზადაა გამოძიების შედეგები გაუზიაროს აზერბაიჯანულ მხარეს.
თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა 27 იანვარს მოხდა. კალაშნიკოვის ავტომატით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოკლა დიპლომატიური წარმომადგენლობის დაცვის სამსახურის უფროსი ორხან ასკეროვი და დაჭრა კიდევ ორი მცველი. თავდამსხმელი დააკავეს. ალიევმა თავდასხმას "ტერორისტული აქტი" უწოდა და "ტერორისტების დასჯა" მოითხოვა.
0
0