
რუსეთ-უკრაინის ომმა ბევრი პრობლემა გამოავლინა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
სანდრო რაქვიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას ნიშნავს ის, რასაც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს, რომ 187-მილიარდ ევროიანი დახმარება უკრაინას და ამის პარალელურად, რუსეთს 311 მილიარდი დოლარი, მით უმეტეს, როცა ცალკეული ევროპელი ლიდერები საუბრობენ, რომ რუსეთზე დამოკიდებულება სამწუხაროდ, 2027 წლამდე ვერ შეიცვლება, ხოლო საქართველოსგან რუსეთისთვის პირდაპირი სანქციების დაწესებას ითხოვდნენ.
„ეს არამარტო რუსეთის იმპერიალიზმის გამოვლინება იყო, არამედ ასევე ის პრობლემები, რომელიც დასავლეთში ზოგადად არსებობს. მაგალითად, თავისთავად ვაჭრობაში ცუდი არაფერი არ არის, დარწმუნებული ვარ, ევროპელებს საერთოდ არანაირი სანქციები რომ არ დაეწესებინათ რუსეთისთვის, ვაჭრობა ჩვეულებრივად გაგრძელებულიყო, მაგრამ შემოსავალი, რაც მათ ჰქონდათ, სრულად იარაღის სახით და სხვა ტიპის დახმარებით გადაეცათ უკრაინისთვის, უკრაინას შეიძლება, ეს ომი უკვე მოეგო. ანუ, ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ აი, მაგალითად, როცა ნავთობზე უარი თქვეს ევროპულმა ქვეყნებმა, იმ წელს, იმ თვეს გაიზარდა ნავთობის იმპორტი ინდოეთიდან, რაც აქამდე არ ხორციელდებოდა და ყველას ესმოდა, რომ ეს რუსეთის ნავთობია, მაგრამ არავინ არ იმჩნევდა. იგივე ხდება მაგალითად, როცა გერმანიიდან გაიზარდა ყირგიზეთში დანადგარების ექსპორტი. გასაგებია, რომ ყირგიზეთში არანაირი ინდუსტრიული რევოლუცია არ მომხდარა და ყველას ესმის, რომ რუსეთში მიდის ეს დანადგარები. იგივე ხდება ჩვენს ქვეყანაშიც, გადის უამრავი რაღაც, პორშე იყიდება რამდენჯერმე მეტი ჩვენ ქვეყანაში და ფაქტობრივად, რუსეთში იყიდება; ნუ, რეექსპორტი ხდება, შუა აზიის ქვეყნებში შედის და მერე იქიდან გადადის რუსეთში, მაგრამ ეს არც დარღვევაა. ასეთი შემთხვევა არ არის სანქციების რეჟიმის დარღვევა. იმიტომ, რომ ფორმალურად, რა ვიცი, მანქანა ვიღაცამ იყიდა და მერე სადღაც წაიღო, ვისი რას საქმეა, ხომ? ბოლოს და ბოლოს, ეს ევროპელების პრობლემაა, ჩვენ მხარეს ეს არ ეხება და არც ყირგიზეთს ეხება რამენაირად, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ევროპელებმა, აი, მაგალითად, გერმანიის შემთხვევაში იმის ნაცვლად, ირიბი გზებით, უფრო დიდი დანახარჯით მიყიდოს ის დანადგარები რუსებს, ერჩივნათ, ეზრუნათ იმაზე, რაკეტებს რომ არ აძლევენ უკრაინას. არ ჯობდა, წესიერად ევაჭრათ რუსეთთან, ეს ფული გამოეყენებინათ და მიეცათ რაკეტები უკრაინისთვის? გამოდის, რომ განცხადებების დონეზე ძალიან ბევრი მკაფიო განცხადება კეთდება მხარდასაჭერი, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდის, ბევრად ნაკლები კეთდება და ამასობაში, ათასობით ადამიანი იხოცება ფრონტზე. ეს მართლა პრობლემაა, სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
შეკითხვაზე, რას ნიშნავს IPP-ის მიმართვა ევროკომისიის პრეზიდენტისადმი, რომელშიც „ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის გვერდის ავლაში ადანაშაულებს, იმ პირობებში, როცა თავად ევროკავშირს აქვს ვაჭრობა რუსეთთან, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ სანქციების რეჟიმი რომ დარღვეული ყოფილიყო და ამაზე რამე მტკიცებულება არსებულიყო, ამაზე უფრო სერიოზული ხალხი გააკეთებდა განცხადებას.
„ევროპარლამენტარები მაგალითად, საერთოდ არ ფლობენ განსაკუთრებული ინფორმაციას. რომელიღაც მთავრობას რომ გაეკეთებინა, მაგალითად, გერმანიის, ან საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იტყოდი, რომ სპეცსამსახურების ინფორმაციაა, რამე მტკიცებულება გამოჩნდა და უფრო სერიოზული იქნებოდა ეს ყველაფერი. ჩვენ ვიცით, რომ მიუხედავად იმისა, ბევრჯერ იყო ასეთი განცხადებები გაკეთებული, მტკიცებულება არაფერი არ გამოჩენილა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომლის პარალელურადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმაც ისაუბრეს შავი ხვრელების არსებობაზე და ასე შემდეგ, სუს-ის მოთხოვნაზე, გადმოეცათ მტკიცებულებები, ვერაფერი ვერ დაიდო, ხოლო ამის შემდეგ ჩამოსული იყვნენ საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფის წევრები, რომლებმაც განაცხადეს, რომ საქართველოში მსგავსი არაფერი ხდება.
„ამაზე ბევრი საუბარი ნამდვილად იყო, თუმცა მტკიცებულებები არ დადებულა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
0
0