24/01/2025
12:03
პოლიტიკა
ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ეუთო-სა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ალექსანდრე მაისურაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სპეციალურ სხდომაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავის გამოსვლაში, ალექსანდრე მაისურაძემ კვლავ დაადასტურა საქართველოს მზაობა, დაიცვას ეუთო-ს ადამიანური განზომილების ვალდებულებები და გამოხატა ერთგულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ.
„დროებითმა რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მან მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს შესახებ, ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე, ასევე ეუთო-ს როლზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების პროცესში.
ალექსანდრე მაისურაძემ ისაუბრა ეუთო-ს შესაბამისი ინსტიტუტების ჩართულობაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პროცესში. კერძოდ, აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მოწვევით, არჩევნების პროცესს ეუთო/ოდირის, ასევე, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. ეუთო/ოდირის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები სათანადოდ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას, არჩევნები იყო კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული, ამომრჩევლებს ფართო არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდათ, პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ „თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია“ და არსებული საკანონმდებლო ბაზა ქმინდა ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნებისთვის. დროებითი რწმუნებულის თქმით, დამკვირვებლების ანგარიშმა ასევე გააქარწყლა უსაფუძვლო ბრალდებები არჩევნების შედეგებისა და საერთო ობიექტურობის შესახებ.
მან დაადასტურა საქართველოს მზაობა, შეასრულოს ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები, ეუთო-ს ინსტიტუტებთან და მონაწილე სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
როგორც არჩევნებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას, დროებითმა რწმუნებულმა მუდმივი საბჭოს მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართულმა მხარემ ამომწურავი პასუხი გასცა 2024 წლის 20 დეკემბერს, 38 მონაწილე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ კითხვებს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და დემონსტრაციებთან დაკავშირებით. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ გაზიარებული ინფორმაცია დაეხმარება ეუთო-ს ინსტიტუტებსა და მონაწილე სახელმწიფოებს სიტუაციის საფუძვლიან და ობიექტურ შეფასებაში.
საქმეთა დროებითი რწმუნებულის თქმით, საქართველო მტკიცედ რჩება თავისი ვალდებულებების ერთგული, შეიტანოსკ ონსტრუქციული წვლილი ეუთო-ს მუშაობაში საერთაშორისო სამართლის დაცვისა და მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაში.
აღსანიშნავია, რომ სხდომას ესწრებოდა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მინისტრს ელინა ვალტონენს, ეუთო-ს თავმჯდომარის პოზიციის დაკავება მიულოცა, ასევე მადლიერება გამოხატა მალტისა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ბორგის მიმართ, 2024 წელს ეუთო-ს ღირსეული თავმჯდომარეობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს ფინეთის თავმჯდომარეობასთან აღნიშნული პრიორიტეტების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
0
0