
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ არანაირი „კამიტი“ შსს-ს არ შეუძენია, არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა იმიტომ, რომ ასეთი არც არსებობს ჩვენს სარგებლობაში. რაც შეეხება კონკრეტულად, რა ნივთიერება იყო, ამაზე ჩვენ არ დავასწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, ნახავს, რომ იქ არაფერი ისეთი ნივთიერება არ იყო გამოყენებული, რომელსაც მსგავს შემთხვევებში, რომელიმე ევროპული ან ამერიკული პოლიცია არ იყენებს, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
აღნიშნულით, დარახველიძემ უპასუხა ამავე კომიტეტზე „გახარია-საქართველოსთვის“ წევრის, სოფო ხორგუანის განცხადებას, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციაზე თავადაც იმყოფებოდა და მისთვის დღესაც უცნობია, თუ რა ნივთიერება გაურიეს წყლის ჭავლში მომიტინგეების დასაშლელად.
როგორც დარახველიძემ აღნიშნა, აქცია, რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობდა არ იყო მშვიდობიანი და მისთვის გასაოცარია, თუ „ამ მშვიდობიან აქციაში“ მონაწილეობდა სოფო ხორგუანი.
რაც შეეხება უშუალოდ BBC-ის მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ საგამოძიებო მასალას ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან დაკავშირებით, როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, გაკეთდა განცხადება კონკრეტულ საკითხთან მიმართებითი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ BBC-ის სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები არის მხოლოდ ჟურნალისტის ვარაუდები და არცერთ კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეყრდნობა.
„როდესაც სახეზეა მასობრივი არეულობა, ტოტალური თავდასხმები პოლიციაზე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, საქართველოს პარლამენტზე შტურმი, 171 პოლიციელი შავდება, ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“, ფეიერვერკების წვიმას, ადამიანები და პოლიციები შავდებიან აქციის „მშვიდობიანი მომიტინგეებისგან“, ამ შემთხვევაში, პოლიციას არათუ უფლება, არამედ აქვს ვალდებულება გამოიყენოს კანოთ გათვალისწინებული ის სპეციალური საშუალებები, რაც არის ჩამოთვლილი: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, ფიზიკური ძალა და სხვა საშუალებები, რისი ჩამონათვალიც კანონში ამომწურავად არის მითითებული.
რაც შეეხება კონკრეტული ნივთიერების საკითხს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ არანაირი „კამიტი“ შსს-ს არ შეუძენია, არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა იმიტომ, რომ ასეთი არც არსებობს ჩვენს სარგებლობაში. რაც შეეხება კონკრეტულად, რა ნივთიერება იყო, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ არ დავასწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ამ შემთხვევაში, ნახავს, რომ იქ არაფერი ისეთი ნივთიერება არ იყო გამოყენებული, რომელსაც რომელიმე ევროპული ან ამერიკული პოლიცია არ იყენებს მსგავს შემთხვევებში. ვიმეორებ, შემთხვევა იყოს ის, რომ ყველა ხედავდა, 2024 წლის წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე, ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო ძალადობა, შტურმი, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, 171 პოლიციელია დაშავებული. პარლამენტის შენობის წინა ფასადი და დაახლოებით, 60-მდე სამუშაო ოთახი იყო გადამწვარი და ეს თუ იყო მშვიდობიანი აქცია და თქვენ თუ ამ „მშვიდობიან“ აქციაში მონაწილეობდით, ჩემთვის ძალიან გასაოცარია“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
0
0
ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს
04/12/2025