
კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში - საქმე გვაქვს მცდელობასთან, რომ საზოგადოებას შეუქმნან განცდა, თითქოს ქვეყანაში არის უკონტროლო მდგომარეობა, ადამიანის უსაფრთხოება არ არის დაცული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც დანაშაულებრივ სტატისტიკასთან დაკავშირებით, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ვიკა ფილფანის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, განზრახ მკვლელობისა და დაჭრის შემთხვევებთან დაკავშირებით, ვიკა ფილფანის მიერ გაჟღერებული ციფრები მანიპულაციური იყო.
დარახველიძე ამბობს, რომ „საქმე მარტივ სიცრუესთან გვაქვს“ და „ეს ტყუილები მარტივად გადამოწმებადია“.
„საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებამ მოისმინა ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირდა 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რაც არის მტკნარი სიცრუე და ამის გადამოწმება ნებისმიერ ადამიანს მარტივად შეუძლია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც კვარტალურად ქვეყნდება დანაშაულის სტატისტიკა. სულ დაფიქსირდა 15 განზრახ მკვლელობის ფაქტი და 15-ვე არის გახსნილი.
ასევე, მანიპულაციურად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 1804 ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მოხდა. ეს არის დაახლოებით ე.წ. დაჭრის შემთხვევები და ესეც არის მტკნარი სიცრუე. ძირითადად, ამ 1804-ში 90%-მდე არის გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ძალადობის და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. ანუ, აქაც მარტივი სიცრუეა. ჯამში, დაჭრის 85 ფაქტი მოხდა. ასეთი დანაშაულის ფაქტობრივად, 90%-მდე გახსნილია,“ - აღნიშნა დარახველიძემ.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2026 წლის I კვარტალში 14 716 დანაშაული დარეგისტრირდა, საიდანაც 532 განზრახ მკვლელობის, 1 804 კი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შემთხვევა იყო.
„სამ მილიონიან ქვეყანაში 6 თვეში 532 მკვლელობა საგანგაშო რიცხვია,“ - განაცხადა ფილფანმა.
0
0