
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს დიალოგისკენ და, მათ შორის, სატელევიზიო დებატებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის მაუწყებელი ავრცელებს.
როგორც სატელევიზიო მიმართვისას ვუჩიჩმა აღნიშნა, მზადაა, მოლაპარაკებები გამართოს სტუდენტთა დემონსტრაციებისა და სხვა ანტისამთავრობო აქციების წარმომადგენლებთან.
„სერბეთში საპროტესტო აქციები უკვე ცხრა თვეა, მიმდინარეობს. ქვეყანაში არიან ადამიანები, რომელთაც ცვლილებები სურთ, თუმცა თავიდან თავს აჩვენებდნენ, რომ მხოლოდ სამართლიანობას ითხოვდნენ. მათ მალევე დაიწყეს პოლიტიკურ ცვლილებებსა და არჩევნებზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ადრე უარყოფდნენ ამას. მიუხედავად იმ ცუდი აზრისა, რომელიც მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით მაქვს, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოსმენა. ვფიქრობ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ერთმანეთის მოსმენა და დიალოგის განახლება სერბეთში. მათი მოსმენის მიმართ ჩემი ძალისხმევა, შესაძლოა, ყოველთვის არ იყო საკმარისი და ვაღიარებ ჩემს შეცდომას. მზად ვარ, ვისაუბრო, მაგრამ არა ქუჩებში ძალადობაზე, რადგან არ გვჭირდება სამოქალაქო ომი, კონფლიქტები და ძალადობა. მინდა, ერთად ვისაუბროთ სერბეთის მომავალზე, რადგან ეს საუკეთესოა სერბეთისთვის. ამიტომ ვთავაზობ სატელევიზიო დებატებს ყველა ტელევიზიასა და პორტალზე სტუდენტური მოძრაობის ლეგიტიმურ წარმომადგენლებთან, იქნებიან ისინი პროფესორები, პოლიტიკოსები თუ სტუდენტები“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა, მოუსმინოს მათ არა იმისთვის, რომ დებატებში მოუგოს, არამედ იმისთვის, რომ ერთად ეცადონ, რაღაც გააკეთონ ქვეყნისთვის.
„დროა, ყველამ თავისი სახე გამოავლინოს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად – თავისი პროგრამა წარმოაჩინოს“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
სერბეთში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის ნოემბრიდან იმართება, როდესაც ქალაქ ნოვი-სადის განახლებული რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები მომხდარს კორუფციას უკავშირებენ და ვადამდელი არჩევნების გამართავს ითხოვენ.
0
0
აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
22/08/2025