05/12/2024
16:05
საზოგადოება
ჩემმა რწმუნებულმა დაკავების პირველივე საათებში მოინახულეს ნიკა გვარამია, გელა ხასაია და ზურაბ დათუნაშვილი, ასევე ალეკო ელისაშვილი - შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცავები მოქალაქეების დაკავების დროს იყენებენ - საგანგაშოდ ბევრი მათგანი მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, მათ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართეს.
„ჩემმა რწმუნებულებმა დაკავების პირველივე საათებში მოინახულეს ნიკა გვარამია, გელა ხასაია და ზურაბ დათუნაშვილი. ასევე, სისხლის სამართლის წესით დაკავებული 7 პირი. ნიკა გვარამიას განცხადებით, იგი უკანონოდ დააკავეს. დაკავების პროცესში მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და პოლიციელებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. გარდა ამისა, სახალხო დამცველის რწმუნებულმა ინახულა დაკავებული გელა ხასაია, რომელიც სასწრაფო დახმარების გამოძახებას ითხოვდა, რაზეც დაუყოვნებლივ შედგა კომუნიკაცია პოლიციის წარმომადგენლებთან და გამოძახებულ იქნა შესაბამისი სამედიცინო ეკიპაჟი. არაერთხელ განვმარტე და ახლაც გავიმეორებ, შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცავები იყენებენ მოქალაქეების დაკავების დროს. საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე. მათი მითითების მიღმა, აღნიშნული მეთოდები ცხადად ჩანს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებშიც“,- განაცხადა სახალხო დამცველმა.
ამასთან, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა მოინახულა გუშინ დაკავებული ალეკო ელისაშვილი, რომელსაც დაზიანებები აღენიშნება სახისა და ზურგის არეში.
„ამასთან, ცალკე მინდა გამოვყო გუშინ დაკავებული ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისას განხორციელებული არაპროპორციული ძალა. ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ. მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში, სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით. ამასთან, იგი მიუთითებს ცემის შედეგად, ზურგის არეში მიღებული ტრავმის შესახებ. ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. აღნიშნული გამოძიების მონიტორინგს განახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი“,- განაცხადა იოსელიანმა.
0
0