
თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროიცესი გაიმართა.
პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს.
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
„ისეთ ციხეში ვზივარ, სადაც ქურდულ ტრადიციებს მისდევენ, საღამოობით საქმის გარჩევებია. პირველად მოვისმინე, ქურდულ არგუმენტს რომ იშველიებს პროკურორი. პატიმრობის არგუმენტად იშველიებენ, რომ შეიძლება მივიმალო ან ქვეყნიდან გავიქცე. პირველივე სხდომაზე ვთქვი, რომ პირველი მანდატური ძალიან ვაჟკაცი იყო. თქვენი სისტემისგან მოვითხოვ, პრემია მისცეთ. ასე კეთილსინდისიერად რომ მუშაობდნენ საჯარო მოხელეები, ასეთი ქვეყანა არ გვექნებოდა. არანაირი პრეტენზია იმ სამ მანდატურთან არ მაქვს. მირტყამდნენ, მაგრამ მანამდე მეც ვურტყამდი. სამი მოწმეა მხოლოდ. პატივს ვცემ მათ, რა ზეწოლა უნდა მოვახდინო. თქვენთვის ეს საყურადღებო არაა? მზად ვარ, პასპორტიც მოგცეთ, გირაოსაც გადავიხდი, გაქცევას არსად ვაპირებ. ისეთ ქურდულ არგუმენტს აჟღერებს პროკურორი, ქურდული ტრადიციების მიმდევარი ხალხისგანაც არ მომისმენია.
მამუკა მდინარაძე მყავს გულითადი გულშემატკივარი, მისი დავალებით წამიყვანეს ციხეში. პატიმრის ბარათით შეგიძლია ნივთები იყიდო. არის ნივთები, რომლის საკანში ქონაც არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ არ მეკუთვნის იქ ყოფნა, უფრო მეტი შეზღუდვა დამიწესეს, რათა მძიმე მდგომარეობაში ვყოფილიყავი. ეგონათ, ტირილს დავიწყებდი, დედა მომენატრაო. ტელევიზორი ერთი თვის შემდეგ მომცეს, მაგრამ საზიზღარი არხებია. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მარშებზე, აქციებზე დადის. ციხეში ზავი დადეს და ჩხუბი არ ყოფილა, იქნებ, ოპოზიცია დაზავდეს და აღდგომამდე არ იჩხუბონ. ერთი რჩევა უნდა მოგცეთ, სახე შეინარჩუნეთ ხოლმე. გასაგებია, რომ დავალება გაქვთ, მაგრამ ძალიან უხერხული საყურებელი ხართ“, – მიმართა მოსამართლეს ელისაშვილმა, რის შემდეგაც ის დარბაზიდან გააძევეს.
ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
გამოძიების ინფორმაციით, დაახლოებით, 04:00 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
„შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს. ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა. დაკავების პროცესში მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას. თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა. წარდგენილი ბრალი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ასევე ვიდეომასალა გაავრცელა.
0
0
15 იანვარს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
13/01/2026