
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა.
პროცესს თავად ელისაშვილიც ესწრებოდა. მან სიტყვის უფლებით ისარგებლა, ქმედება აღიარა და ისაუბრა მიზნებზე. მას ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებიან.
გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა დილის 04:00 საათზე, ნიღბით, იარაღით, საბრძოლო მასალით და სხვა ნივთებით, ჩაქუჩით ჩაამსხვრია მინა და სასამართლოს შიდა სივრცეში შეაღწია, დაასხა აალებადი ნივთიერება და ხანძრის გაჩენა სცადა, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი მათ წინააღმდეგობას უწევდა და ცდილობდა იარაღის ამოღებას.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი პატრიოტია.
"ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არის ამ ქვეყნის პატრიოტი. ამის მიღმა ჩადენილი აქვს მას რაიმე ტიპის ქმედება თუ არა, ამას პროცესი თავად წარმოაჩენს. ჩვენ გვჭირდება მეტი კომუნიკაცია თავად ალეკოსთან და ნახვა ყველა იმ დეტალის, რომელიც არის პროცესში,"- აცხადებს კუპრაძე.
0
0