
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკური მოტივებით აქვს ბრალი წარდგენილი.
როგორც სასამართლო პროცესზე ელისაშვილმა განაცხადა, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მის მიმართ წარდგენილ ბრალს დაადასტურებს.
„მე რომ გამეკეთებინა, ვიტყოდი, მე გავაკეთე-მეთქი. ვინაიდან პაპუაშვილს და კობახიძეს გაუხარდებათ, მაგის გამო ვერ დავიბრალებ. გაუხსნელი საქმე ედოთ, რომელიც ათი თვე ვერ გახსნეს. ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც ქონების დაზიანების საქმე. ვინაიდან გამომძიებლების გამაოგნებელი არაპროფესიონალიზმის, მეორე მხრივ, პოლიტიკური დაკვეთის გამო ტერორიზმის მუხლით, 15-წლიანით დამიჭირეს, ქონების დაზიანების გაუხსნელი საქმე ტერორიზმის მუხლად გადააკვალიფიცირეს და წარმიდგინეს. მტკიცებულება არის ნული. სადღაც ქუჩაში ძაღლი იპოვეს და ის ძაღლი მადებს ხელს, რომ მე ვიყავი. მეორე მტკიცებულება არის ვიდეოკადრები, თურმე იმით უნდა მიხვდე, რომ მე ვარ. სამხარაულის ექსპერტიზა წერს, რომ ამ კადრებში ადამიანის ამოცნობა, ვინაობის დადგენა შეუძლებელია“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, 30 ნოემბერს ალექსანდრე ელისაშვილს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურატურის ინფორმაციით, 29 ნოემბერს, დაახლოებით, 04:00 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. მათივე ცნობით, შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. პროკურატურის ცნობით, აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში, ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს. ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე, ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა.
2026 წლის 30 მარტს საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს „2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე“ წარუდგინა ბრალდება. გამოძიების ინფორმაციით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ალექსანდრე ელისაშვილი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული, 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:44 საათზე მივიდა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი №64-ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს, სადაც სასამართლოს არქივი მდებარეობს. პროკურატურის ცნობით, თავდაპირველად ბრალდებული სავენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი. შემდგომ კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს. ალექსანდრე ელისაშვილის ქმედების შედეგად სასამართლოს შენობის გარე ფასადზე და არქივში, სადაც განთავსებული იყო ასეულობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები, გაჩნდა ხანძარი, რომელიც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს. გამოძიების ინფორმაციით, ალექსანდრე ელისაშვილმა აღნიშნული ქმედებით ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს – სასამართლო ხელისუფლების და მართლმსაჯულების დესტაბილიზაციის მიზნით, სასამართლოში არსებული ინფრასტრუქტურის, ცალკეული საქმეებისა და სხვა მნიშვნელოვანი მასალების განადგურების გზით საქალაქო სასამართლოს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა; ასევე, საფრთხე შეუქმნა იმ დროისათვის სასამართლოს შენობაში მყოფი მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომლის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0