
ერთი ჩვენს ახალ პატრიარქს ჰკითხეთ, რატომ არ იმჩნევს ჩვენი პატრიარქი არაფერს, რაც ამ ქვეყანაში ხდება? ამდენი ადამიანი ციხეშია, ან ხალხს რომ აწამებენ, არ ეხება? მოზამბიკში ვართ? - ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაყვანისას განაცხადა.
ის მოსამართლე გიორგი გელაშვილმა რამდენჯერმე მიცემული გაფრთხილების შემდეგ გააძევა.
„ამდენის მოთმენა უკვე ზედმეტია ჩემი მხრიდან! სასამართლოს უპატივცემლობის და შეურაცხყოფის გამო, ალეკო ელისაშვილი გაძევებულია“, - განაცხადა გელაშვილმა.
იქამდე კი ელისაშვილი მოწმე ექსპერტს კითხვას უსვამდა.
„ბორჯომის ხანძარი, ბავშვთა სამყარო, რომ დაიწვა, რამე შემხებლობა თუ გქონდათ, როგორც ექსპერტს“? - ჰკითხა მან მოწმეს, რაზეც ექსპერტმა უარყოფითი პასუხი გასცა.
შემდეგი კითხვის დასმისას მას მოსამართლემ უთხრა, კონკრეტული კითხვა დაესვა.
„არ მაცდით ლაპარაკს, აზრს ვაყალიბებ, შეკითხვა როგორ დავსვა, კონტექსტი თუ არ ვთქვი. ნუ მაწყვეტინებთ თქვენი ჭირიმე“, - უპასუხა მოსამართლეს ელისაშვილმა, რის შემდეგაც ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
ადვოკატმა მას ჰკითხა, თუ რის გამო გააძევა ელისაშვილი.
„რაც მაგან შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, არც ერთი ბრალდებულისგან არ მომითმენია", - განაცხადა მოსამართლე გელაშვილმა, რაზეც ადვოკატმა მას კვლავ კითხვა დაუსვა.
„მაცადეთ კითხვის დასმა, თქვენი ჭირიმეო, რომ თქვა, ამის გამო აძევებთ?" - განაცხადა ადვოკატმა, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ „არამხოლოდ".
იქამდე კიდევ ერთ მიცემულ შენიშვნაზე კი ელისაშვილმა მოსამართლეს უთხრა - „გამისკდა გული, ისე შემეშინდა“.
აღნიშნულს ადვოკატის რეპლიკა მიჰყვა, რაზეც გელაშვილმა განაცხადა, რომ „არ აშინებს, წესრიგი დაიცვას, რადგან ეს ბოლო გაფრთხილებაა”.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0