
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის დისშვილი ნათია ჯულაყიძე, რომელიც სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თავის ერთ-ერთ მოადგილედ წარადგინა, აცხადებს, რომ ელისაშვილთან ნათესაური კავშირი ვერ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი მის საქმიანობაში.
მისი თქმით, თუ ალეკო ელისაშვილი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არასათანადო განცხადებას გააკეთებს, ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამაზე კრიტიკულ პოზიციას დააფიქსირებს.
„ალეკო არის ჩემი ბიძა, ეს არავისთვის უცხო არ არის, ვინც ჩვენ გვიცნობს. მკითხეს კიდევაც, ეს ხომ არ შეიძლება ხელის შემშლელი იყოსო და ვერანაირად ვერ იქნება, არც ნეპოტიზმი არ არის, რადგან ალეკო არ არის სახალხო დამცველი. შემიშლის თუ არა მომავალში ხელს? - არანაირად, იმიტომ, რომ რაც არ უნდა უცნაური ან უხერხული განცხადება გააკეთოს ალეკომ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, რომ არ გააკეთებს, ერთ-ერთი პირველი ვიქნები, ვინც ამაზე კრიტიკულ პოზიციას დააფიქსირებს, ასე რომ, არანაირ შემთხვევაში ეს ხელის შემშლელი არ იქნება, მე მგონი, საზოგადოება ძალიან სწორად გაიგებს. ამას აჩვენებს პროცესი, როგორც კი ჩვენგან გაკეთდება პირველი განცხადებები და როგორც კი საზოგადოება დაინახავს ჩვენს აქტივობებს და განცხადებებს, მარტივად დარწმუნდებიან, რომ არანაირი დამოუკიდებლობის ირგვლივ კითხვის ნიშანი არ იარსებებს“, - აცხადებს ჯულაყიძე.
0
0