
ამაო მოლოდინის შექმნა არ მინდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არც რუბიოს ზარი იყო შემთხვევითი, არც ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა. მათ მალე მოუწევთ ციხის კარის გახსნა და ადამიანების გამოშვება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები იწყება.
ამასთან, როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე მის მიმართ წარდგენილი ახალი ბრალდება აბსურდია.
„დაახლოებით ათი დღეა, მე და ჩემმა ადვოკატებმა ვიცით, რომ ახალი ბრალის წარდგენა უნდოდათ ტერორიზმის მუხლით. ორბრალდებიანი ტერორისტი ვარ ჩვენი პროკურატურის წყალობით. ღიმილის მომგვრელია ეს ამბავი. ორი ვერსია მაქვს, რატომ აკეთებს ამას პროკურატურა. განსაკუთრებით, რაც იურისპრუდენციის გიგანტმა, ფარცხალაძემ დატოვა პროკურატურა, ეტყობა, პროკურატურაში რაღაც სახლობანას თამაშობენ და აერიათ, მტკიცებულება რა არის, სად უნდა გამოიყენონ და ასე შემდეგ. მეორე ვერსიაა, რომ პროკურატურაში არის აჯანყება და, სინამდვილეში, პროკურატურას ყელში ამოუვიდა საშინელი დავალებების მიღება. მსოფლიო ისტორიაში არის წინააღმდეგობის ასეთი ფორმები, რომ ადამიანები ავტორიტარულ რეჟიმებს სახელმწიფო სამსახურში ერთგვარ საბოტაჟს, დივერსიებს უწყობდნენ ხოლმე. როგორც ჩანს, პროკურატურას ყელში ამოუვიდა და აჯანყდა. მეც მეხმარებიან, რადგან ეს საქმე დამეხმარება, გავმართლდე ამ საქმეშიც და მეორე საქმეშიც. ზოგადადაც ყველაფერში დამეხმარება, ასევე დაეხმარება საერთო საქმეს. დრო გავა და იურიდიულ ფაკულტეტზე ამ ამბავს ასწავლიან, როგორც ოროსნობის მაგალითს. „ქართული ოცნება“ აქამდე ძვრებოდა ყველაფრიდან, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმმა“, სამართლებრივმა სახელმძღვანელო დოკუმენტმა მათ ურო ჩასცხო. პირდაპირ წერია, რომ ისინი არ ენდობიან ხელისუფლებას, ამ ხელისუფლებამ აწამა ადამიანები. ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები. კატეგორიული რეკომენდაციებია. პირდაპირ წერია, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ხალხს აწამებდა, დაასახიჩრა. ერთადერთი პაუზა გაჩნდა პატრიარქის გარდაცვალების გამო. ღმერთმა გაანათლოს ჩვენი პატრიარქი. ახლა ეს დღის წესრიგი ისევ დაბრუნდა. გუშინ რომ რუბიომ დარეკა, ესეც ამ კონტექსტში ჯდება. ნინო წილოსანისა და მათიკაშვილის მოსაკითხად კი არ დაურეკავს. იმ დასკვნამ უკვე ჩამოხსნა ნიღაბი, რომ ესენი არიან ლუკაშენკოს, პუტინის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას აწამებს. ამის შემდეგ ყოველდღე გამოდის პაპუაშვილი და ბრიფინგებზე ამბობს, პოლიტპატიმარია ელისაშვილი, პოლიტპატიმარია სააკაშვილი? სია გვანახეთო. რას ნიშნავს ეს? სულ მცირე, ათი წელი მაქვს პოლიტიკაში გამოცდილება და ვიცი, რომ საჯარო განცხადებები აისბერგის ხილული ზედა ნაწილია. გაცილებით მეტი ხდება კულუარებში, კულისებში. გარეთ რაც გამოდის, ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი. გაცილებით მნიშვნელოვანი არის დაფარული. იმ წამს მივხვდი, რომ მათ პოლიტიკური პატიმრების სია უდევთ მაგიდაზე. აქვთ როგორც თავისი ვერსია, ასევე უცხოელებისგან და საქართველოში სხვადასხვა ჯგუფისგან შექმნილი ვერსია. ალბათ ჩემი სახელი და გვარიც იქნება. როგორც უღირს ადამიანებს მართებთ და სჩვევიათ, ამ სიას რომ ჩახედეს, ამოარჩიეს ჩემი სახელი და გვარი, დაიწყეს ამის ტრიალი, ტერორისტი, ტერორისტი. აბსურდია, გამორიცხულია იმის დამტკიცება, რომ ტერორისტული აქტი ჩავიდინე. ამიტომ მოინდომეს ჩემი კიდევ უფრო გაშავება, რათა ჩემი სახელი და გვარი ახალი დანაშაულით დაემძიმებინათ. გაიხედეს-გამოიხედეს, გაახსენდათ ერთი წლის წინანდელი ამბავი, რომელიც ვერც გახსნეს, ტერორიზმის მუხლით არ იძიებოდა, თაროზე ჰქონდათ შემოდებული. შეტევა მოინდომეს, რათა უცხოელების, ასევე ქართველებისთვის ეთქვათ, რომ ეს ერთჯერადი ტერორისტი არ არის, დაჟინებული ტერორისტიაო, ჩემი სახელითა და გვარით გაეფუჭებინათ, დაეზიანებინათ დანარჩენი პოლიტიკური პატიმრების, სინდისდის პატიმრების აუცილებელი, გარადაუვალი გათავისუფლების პროცესი. არ მინდა, ამაო მოლოდინი შევქმნა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არც რუბიოს ზარი იყო შემთხვევითი, არც ის დასკვნა და არც პაპუაშვილის წკმუტუნი ჩემს გვართან დაკავშირებით. მათ მალე მოუწევთ ციხის კარის გახსნა და ადამიანების გამოშვება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, საამაყოა, რომ საქართველოს სიყვარულისთვის ზის ციხეში.
„ჩემთვის საამაყოა, რომ საქართველოს სიყვარულისთვის ვზივარ ციხეში, იმისთვის, რომ თავი არ დავუხარე უსამართლობას. ჩემი პრინციპული, კატეგორიული პოზიციაა, რომ არცერთ სიაში ჩემი სახელი და გვარი არ უნდა იყოს ნახსენები. ჩემ წინააღმდეგ ყველაფერი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. რისთვის ვზივარ ციხეში, რომ ოქროს ზოდები მიპოვეს? დოლარები იპოვეს გადახვეული? თუ ჯარი გავძარცვე? აქ რომ დადის ზოგიერთი უსინდისო, ხელისულების წარმომადგენელი. საქართველო რომ მიყვარს და ვუყურებდი, ხალხს ჩაგრავდნენ, მათ შორის ამ შენობაში, ამ დარბაზებში, ამიტომ არ გამიძლო გულმა და ვზივარ ციხეში. ჩემს საკანში მიკიდია მერაბ კოსტავას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი ანწუხელიძის ფოტოები. ეგენი არიან, ვის გამოც ვცხოვრობ. ვგრძნობ, მალე გაიღება ციხე და გამოვლენ. ეს პროცესი მიდის, ეს არის ფაქტი, მაგრამ მე ამ პროცესიდან ვიწევი. პოლიტიკურმა და ცვლილებების ზურგის ქარმა დაუბერა, ეს არის ყველაზე მაგარი ამბავი. ეს ბრალი ყველაფერში გამამართლებს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცვლილებები იწყება. ყველას მადლობა, ვინც ამ ცვლილებებს ქმნის. რუსთაველზე შეუპოვრობა, მარშები, ციხეში გამომწყვდეული ბიჭებისა და ქალების შეუპოვრობა რომ არა, ცვლილებები არ დადგებოდა. ზურგის ქარმა დაიწყო დაბერვა და ძალიან მალე ეს იქნება დიდი ცვლილებების მანიშნებელი. მე კიდევ როგორმე გავუძლებ ამ ორბრალდებიან და ორვარსკვლავიან ტერორისტობას, მით უმეტეს, როგორც სახლში, ისე ვარ მშვენივრად ციხეში. ერთი რამ მამოძრავებს – ვიდრე შემიძლია, ამ ქვეყანას კარგი რაღაცები გავუკეთო. ხან მეშლება, ხან გამომდის, ხან – არა, მაგრამ ვცდილობ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
1ტვ
0
0