
ჰოლივუდის მსახიობ ალეკ ბოლდუინს ნიუ-მექსიკოში ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ფილმის Rust-ის გადასაღებ მოედანზე ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის უნებლიე მკვლელობისთვის. ბრალდებები ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სანტა ფეს ოლქის პროკურორმა ასევე ანალოგიური ბრალი წაუყენა (ორი მუხლით) გადამღები ჯგუფის წევრ ჰანა გუტიერეშ-რიდს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეკვიზიტად გამოყენებული იარაღის უსაფრთხოებაზე. გამოძიების თანახმად, ორივე ბრალდებულმა არაერთხელ დაარღვია უსაფრთხოების სტანდარტები.
სანტა ფეს შერიფის პროკურორის გარდა, ბრალდებების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოძიების ფედერალური ბიუროც (FBI) მონაწილეობდა.
ალეკ ბოლდუინმა პირობა დადო, რომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ორ ბრალდებას გაასაჩივრებს. მსახიობის ადვოკატი კი ამ საქმეს "მართლმსაჯულების საშინელ შეცდომას" უწოდებს.
ტრაგედია 2021 წლის ოქტომბერში მოხდა - ფილმ Rust-ის ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს. რევოლვერი „კოლტი“, რომლითაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ისროლა, საბრძოლო ტყვიით დატენილი აღმოჩნდა და ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე იმსხვერპლა.
0
0