
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია არის „პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი”.
როგორც სამადაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „სასამართლო რა პოლიტიკურ დაკვეთასაც მიიღებს, ისე იმოქმედებენ”.
„ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს არაკონსტიტუციური კომისია, რომელიც არალეგიტიმურ პარლამენტშია შექმნილი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი. ალბათ, ყველა ხვდება, როგორი აბსურდია, რომ „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის შემსწავლელ ე.წ. კომისიაში პირველები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარეს. ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, ლიდერები არიან ერთ-ერთი მთავარი სამიზნე დღეს რუსული რეჟიმის პოლიტიკური დევნის და შევიწროების. ვნახოთ, ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა რას მოითხოვს. ჩვენ ვიცით, რომ სასამართლო აბსოლუტურად მართული ინსტრუმენტია. ამიტომ რა პოლიტიკურ დაკვეთასაც მიიღებენ, ისე იმოქმედებენ.
დღეს თუ შემდეგ დღეებში, რეჟიმმა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ჩვენი ბრძოლა ამით მხოლოდ გაძლიერდება და არავითარ შემთხვევაში არ დასუსტდება, სანამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს არ მივაღწევთ”, - განაცხადა სამადაშვილმა.
გარდა ამისა, სამადაშვილმა დასავლეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობის შესაძლო გადატვირთვაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ „ამ ხელისუფლებას არანაირი პოტენციალი, შანსი ურთიერთობების გადატვირთვის არ აქვს”.
„მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი საკუთარი პროპაგანდისტული არხების მეშვეობით საზოგადოების მოტყუებას ცდილობს, მაგალითად: ანბანის მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტს კობახიძის გვერდით ჯდომა ეკუთვნოდა, მაგრამ [ისე გააჟღერეს] თითქოს რაღაც შეხვედრა იყო.
ჩვენ ვნახეთ, როგორ დამთავრდა ტირანაში შეხვედრა, იმგვარად დამთავრდა, რომ არცერთი განცხადება ჩვენ ევროპული მხრიდან არ მოგვისმენია, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ რაიმე პოტენციალი არსებობს ურთიერთობების გადატვირთვის. „MEGOBARI აქტი” მიდის სრული სვლით წინ და უახლოეს მომავალში კანონი გახდება. ამიტომ ამ ხელისუფლებას არანაირი პოტენციალი, შანსი ურთიერთობების გადატვირთვის არ აქვს. თუ დამატებითი პოლიტპატიმრები ქვეყანაში გაჩნდებიან, გარდა იმ 50 ადამიანისა, რომელიც დღეს არის, ეს კიდევ უფრო დიდ ჩიხში ბიძინა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს შეიყვანს”, - აღნიშნა სამადაშვილმა.
0
0