
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ მას მიმართავს.
მისი თქმით, ივანიშვილმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს და ქვეყანას უნდა ჩამოეცილოს.
„ივანიშვილმა წერილი გამოაცხო. ფარისევლური და ამაზრზენი. „ჩემს და ბანკს შორის ურთიერთობას ქვეყანას თავს არ მოვახვევო“. აბა „ვერტალიოტზე“, ნახატების აქეთ-იქით ზიდვაზე და „სვის კრედიტთან“ დაძაბულობაზე თავად არ გვამცნეთ. მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა ააწყეთ ამაზე, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას და ომში ჩათრევას გაიძულებდნენ - პირდაპირ დასახელდა აშშ, როგორც მთავარი მტერი. ან ის სამი საცოდავი ჩიტი რატომ გამოყავით ჩიტების დედა ბუდეს? დღე და ღამე რომ ჩვენს პარტნიორებს ლანძღავენ!
ახლა როცა ყველა ხიდი დაწვა „ოცნებამ“ დასავლეთთან, ყველა ჩვენი პარტნიორი კრიმინალად გამოაცხადა, თავიდან იწყებთ ვირეშმაკობას - დავალაგოთ ურთიერთობა დასავლეთთანო. ალბათ, მიხვდით, რომ თქვენი პუტინი წააგებს ომს და გამარჯვებულის მხარეს გინდათ შეეტენოთ! სანქციების შიში ოხერია. ფული კი არ მოგაკლდებათ, მაგრამ რეპუტაციულად განადგურდებით. აღარ გამოგივათ ქვეყნის ასე აბუჩად აგდება, დაგაგვიანდათ!
დეოლიგარქიზაციაა დასავლეთთან ურთიერთობის წინაპირობა. დეოლიგარქიზაცია ანუ თქვენი ძალაუფლებიდან რეალური წასვლა. თქვენს ვირეშმაკობას, ორპირობას და ფარისევლობას აღარავინ იღებს. თქვენთან ერთად საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს და რაც უფრო მალე ჩამოეცლებით ამ ქვეყანას, უკეთესია თქვენთვის და საქართველოს მომავლისთვის.
პ.ს. ელჩ დეგნანთან დაკავშირებით პირადად თქვენი საქციელი არის მდაბალი და ამაზრზენი. მთელი ეგ ისტორია თქვენს მეწვრილმანე, ინტრიგანის ბუნებას წარმოაჩენს.
პ.პ.ს. და კიდევ ერთი - გაათავისუფლეთ სააკაშვილი და გვარამია. ეს თქვენი ვალია. დიახ, ვალი ამ ქვეყნის მიმართ, რომელსაც დაბრუნება უნდა“, - აცხადებს გიგი უგულავა.
0
0