08/04/2023
18:50
პოლიტიკა
„მოსამართლეების პოზიცია მარტივია. მივიჩნევთ, რომ ეს არის თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე, მცდელობა, რომ სასამართლოზე მოახდინონ გავლენა და დაიმორჩილონ, რასაც არ დავუშვებთ, ვიდრე მონიჭებული გვაქვს ეს მანდატი კოლეგებისგან“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ვინმეს შეიძლება, ამაზე ჰქონდა გათვლა, რომ ვიღაცას შეიძლება, შეშინდებოდა, ბზარი გაჩნდებოდა სასამართლო კორპუსში. ეს დაყოფა უკვე არახალია, იგივე ელჩისგან, თურმე სასამართლო სისტემაში არსებობენ „ცუდი“ და „კარგი მოსამართლეები“. ალბათ იყო გათვლა იმაზე, რომ კარგი მოსამართლეები გამოვიდოდნენ და ჩაგვქოლავდნენ ცუდ მოსამართლეებს. ეს არ მოხდა და არც მოხდება“, - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი.
გვრიტიშვილის თქმით, ისინი ამ შტურმს მარტო ვერ გაუმკლავდებოდნენ, რის გამოც დასახმარებლად პრემიერს მიმართა.
„გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე ასეთი უპრეცედენტო შტურმი ჯერ არ ყოფილა, წლების განმავლობაში ჩვენ მივეჩვიეთ სხვადასხვა სუბიექტის ჩართულობით მიმდინარე ორკესტრირებულ კამპანიას. თუმცა ის, რომ საელჩო გამოსულიყო კულისებიდან და უშუალოდ თვითონ ჩადგომოდა შეტევას სათავეში, მოსამართლეები კორუმპირებულად გამოეცხადებინა და დაესანქცირებინა, ასეთი არ ყოფილა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ მარტო შეიძლება, გაგვიჭირდეს ამ შემოტევის გამკლავება და ვითხოვთ დახმარებას პრემიერისგან, რომელიც არის ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი და უპირველესი პასუხისმგებელი პირი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაზე.
პრემიერისგან დაველოდებით რეაგირებას. პირველი ნაბიჯი უკვე ვიხილეთ საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომელმაც წერილში მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა. როგორც ვიცი, ამ წერილზე ჯერ პასუხი არ არის, თუმცა ვნახე ელჩისგან მცდელობა, დამატებითი განმარტებები გაეკეთებინა. ვგულისხმობ „იმედის ეთერში“ მის ინტერვიუს. თუმცა ვერც მე და ჩემმა კოლეგებმა, დარწმუნებული ვარ, ვერც საზოგადოებამ ახალი ვერაფერი მოისმინა. ეს იყო მიღებული გადაწყვეტილების გამართლების უსუსური მცდელობა“, - აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
0
0