
ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი მიწერილ წერილში, მთავარეპისკოპოსმა იოანემ აღნიშნა, რომ პატრიარქის უფლისმიერი მიძინების ამბავი „ღრმა მწუხარებით“ მიიღო და მას „უძვირფასესი ძმა და თანამოსაყდრე“ უწოდა.
მთავარეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატრიარქი ილია II საქართველოს ეკლესიას თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში „სიბრძნით, მოთმინებითა და ღრმა რწმენით“ წინამძღვრობდა.
მან დასძინა, რომ განსვენებული მღვდელმთავარი გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათით, მართლმადიდებლური ტრადიციებისადმი ერთგულებითა და მრევლისადმი სიყვარულით, ისევე როგორც მართლმადიდებლობის ერთიანობისადმი ურყევი თავდადებით.
მისი მოღვაწეობის რთულ ისტორიულ გარემოებებზე საუბრისას, მთავარეპისკოპოსმა იოანემ გაიხსენა, რომ პატრიარქმა ილია II-მ ლიდერობა საბჭოთა რეპრესიების პერიოდში იტვირთა.
მან აღნიშნა, რომ განსვენებული პატრიარქი საკუთარ სამწყსოს „თავდადებითა და კეთილგონიერებით“ მწყემსავდა, რაც დაეხმარა ეკლესიის აღორძინებას, ტაძრების აღდგენასა და სარწმუნოებაში დაბრუნების შთაგონებას.
0
0