15/05/2025
17:20

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ კრემლში შეხვედრის დროს, მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცხინვალში მიიწვია.
მისი თქმით, წარსულში, სამხრეთ ოსეთის ლიდერების მხრიდან არაერთი მოწვევის მიუხედავად, პუტინი „სამხრეთ ოსეთში არასდროს ჩასულა“.
„დღეს რესპუბლიკისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წყდება და ჩვენ მადლიერები ვართ რუსეთის ფედერაციის გაგებისა და მხარდაჭერისთვის. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის მიმართ თბილი დამოკიდებულების გათვალისწინებით, პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთში მოვიწვიე, რათა პირადად ნახოს, თუ რა სითბოთი და სიყვარულით ეპყრობა მას რესპუბლიკის ხალხი“, - განაცხადა გაგლოევმა ტელე-რადიო კომპანია „ირ“-თან ინტერვიუში.
ინტერვიუში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა ძლიერდება და რომ სამხრეთ ოსეთის ხალხი თავის „წარსულს, აწმყოსა და მომავალს მხოლოდ დიდ რუსეთთან აკავშირებს".
„ისტორიულად, ჩვენმა წინაპრებმა გამოთქვეს რუსეთთან ყოფნის გადაწყვეტილება. ყველას გვახსოვს ის დრო, როდესაც ჩვენ (რესპუბლიკა) ვატარებდით რეფერენდუმებს - ისინი იყო როგორც „შუაღამისას“, ასევე დღისით. დღესაც კი ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც ხელს უწყობს რუსეთთან უფრო დიდ ინტეგრაციას. მე ახლახან ვუთხარი ვლადიმერ პუტინს, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ მომენტში, როგორც კი დავინახავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის (რუსეთის ფედერაციის) მზაობას, განვახორციელოთ ყველა საჭირო ქმედება გაერთიანებისთვის. თუ რეფერენდუმის ჩატარება საჭირო იქნება, ჩვენ ჩავატარებთ მას; თუ სხვა ნაბიჯებიც საჭირო იქნება, ისინი გადაიდგმება, მაგრამ მხოლოდ ჩვენს ხალხთან ერთად. ჩვენ მზად ვართ და რუსეთის ფედერაცია ხვდება, რომ სამხრეთ ოსეთი თავის მომავალს მხოლოდ რუსეთთან აკავშირებს“, - თქვა მან.
„ჩვენი ისტორიის ყველაზე მწარე ფაქტი გახლეჩილი ოსი ხალხია, ის ფაქტი, რომ ოსეთი ჩრდილოეთად და სამხრეთად გაიყო. როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ეს პრობლემა უნდა გამოვასწოროთ, რათა ოსი ხალხი გავაერთიანოთ და ერთად ავაშენოთ საერთო ნათელი მომავალი“, - აღნიშნა ალან გაგლოევმა.
0
0