16/03/2022
14:53
სამართალი
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე დათანხმდა, რომ დაცვის მხარის მოწმის სტატუსით დაკითხულიყო და ჩვენება თავისუფალი თხრობის სტილით მისცა. მან არცერთ კითხვას არ უპასუხა.
აკო ჭელიძემ აღიარა, რომ ნიკო კვარაცხელია მოკლა, თუმცა ბრალდებული უარყოფს, რომ ეს მკვლელობა შეკვეთილი იყო. მან, ასევე, თქვა, რომ მარტო მოქმედებდა და თანამზრახველი არ ჰყავდა.
ჭელიძის ჩვენებას ბრალდების მხარემ აბსურდული უწოდა. პროკურორი გიორგი შაიშმელაშვილის განმარტებით, ჭელიძე ცდილობს პასუხისმგებლობა აიცილოს თავად და ააცილოს მის თანამზრახველს გიორგი კავილაძეს.
„ბრალდებული, ფაქტობრივად, ცდილობს, მაქსიმალურად აიცილოს თვიდან პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენება არ მოგვცა, მან განმარტება გააკეთა, იმ ფორმით, რომ ცდილობს, პასუხისმგებლობა აიცილოს თავად და პასუხისმგებლობაა ააცილოს მის თანამზრახველს, რომ ქმედებიდან ამორიცხონ წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი მკვლელობა. მაგრამ ის მტკიცებულებები, რაც გვაქვს, სავსებით სხვაზე მეტყველებს“ განაცხადა პროკურორმა გიორგი შაიშმელაშვილმა.
შეგახსენებთ, 2021 წლის 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.
pia.ge
0
0