
ბათუმში, კლინიკა მედინაში, ახალშობილი, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა.
კლინიკის ინფორმაციით, ინტენსიური ბრძოლის მიუხედავად ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათივე თქმით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე იყო უკიდურესად მძიმე.
„დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების მრავალდღიანი ინტენსიური ბრძოლისა და განხორციელებული ყველა შესაძლო სამედიცინო ღონისძიებისა, 22 თებერვალს, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაბადებული ახალშობილი (ჩვენი კლინიკის თანამშრომლის შვილი) ამ დილით გარდაიცვალა.
კლინიკის გუნდი პირველივე წუთებიდან მოქმედებდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვით. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ჩვენი კლინიკის, ისე მოწვეული მრავალპროფილური სპეციალისტები. პაციენტს ჩაუტარდა არაერთი გადაუდებელი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო ჩარევა, თუმცა მისი მდგომარეობა თავიდანვე იყო უკიდურესად მძიმე.
ამ მძიმე პერიოდში ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო და რჩება პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.
ვიზიარებთ მომხდარით გამოწვეულ ღრმა ტკივილს და თანავუგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ტრაგედია მძიმე დანაკარგია”,- ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.
ცნობისთვის, ბათუმის კლინიკა „მედინაში" კლინიკის სანიტარმა 22 თებერვალს, გამთენიისას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. ქალი პოლიციამ დააკავა.
0
0