
„ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენა გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს, საიმედოობისა და ხელმისაწვდომობას“, - აცხადებს სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე სამგზავრო ელექტრომატარებლების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელზეც კომპანიამ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
როგორც ლაშა აბაშიძე ამბობს, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ასევე საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდას, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის ხარჯების შემცირებას.
“აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება. ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენა საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზისთვის. როგორც მოგეხსენებათ, სამგზავრო მოძრავი შემადგენლობა საჭიროებს განახლებას. არსებული ვაგონების საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივება ეტაპობრივად ამოიწურა, რამაც გამოიწვია აუცილებლობა, რომ ძველი ვაგონები ახალი თანამედროვე შემადგენლობებით ჩავანაცვლოთ. პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 182 მილიონი ლარია“, - ამბობს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.
ლაშა აბაშიძის განცხადებით, ახალი მატარებლები საქართველოს რკინიგზას მეტი რეისების შესრულების და შედეგად, მგზავრების ორჯერ მეტი რაოდენობის მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.
ახალი სამგზავრო მატარებლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტენდერის პირობების თანახმად, თითოეული ოთხვაგონიანი შემადგენლობა გათვლილი იქნება მინიმუმ 280 მგზავრზე და მოიცავს ბიზნეს, პირველ და მეორე კლასებს. მნიშვნელოვანია, რომ მატარებლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
0
0