
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კასპში, ყოფილმა მეუღლემ დაზიანებები მიაყენა და შემდეგ მისი დაწვა სცადა, საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.
თათია ლომინაძეს მკურნალობა თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა, მას სხეულის თითქმის ნახევრის, 40-45%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო.
ინფორმაციისთვის, შემთხვევა კასპში 25 სექტემბერს მოხდა. ყოფილმა მეუღლემ მშობლების სახლში მცხოვრებ თათია ლომინაძეს დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულ ზურაბ ბურდულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
0
0