
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა Corriere della Sera-სთან ვრცელ ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ გაუშვა ხვიჩა კვარაცხელია იანვარში პსჟ-ში.
„ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან მისი აგენტი ფიფა-ს მე-17 მუხლის ამოქმედებით იმუქრებოდა. პირველი, შესანიშნავი სეზონის შემდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ ზრუნვა ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასა და ხელფასის გაზრდაზე, რადგან რეალური საფრთხე იყო, რომ დაბალი ანაზღაურების გამო ხვიჩას ბევრი კლუბი დაუკავშირდებოდა და ადვილად წაიყვანდა.
მაგრამ მის აგენტს, მამუკა ჯუღელს, საკუთარი თავისთვის და ფეხბურთელისთვის სხვა გეგმები ჰქონდა. მას სხვა კლუბისგან თავისთვის ძალიან მაღალი საკომისიოს მიღება სურდა, ხოლო კვარასთვის – ორნიშნა ხელფასის დანიშვნა.
მეორე სეზონის შემდეგ, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა და საკითხის მოსაგვარებლად დიუსელდორფში გავფრინდით, მაგრამ ჯუღელი საკითხს აჭიანურებდა, მოლაპარაკებას აყოვნებდა და ამტკიცებდა, რომ ჯუნტოლი („ნაპოლის“ ყოფილი სპორტული დირექტორი) ფულს დაჰპირდა, რომელიც არ გადაუხდია, ეს ტყუილი იყო, რაც ადვილად გადავამოწმეთ.
კვარაცხელია მაშინვე უნდა გაგვეყიდა, „პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩასა და ოსიმენის ტრანსფერში 200 მილიონ ევროზე მეტი შემომთავაზა, მაგრამ კონტეს დავპირდი, რომ კვარას შევინარჩუნებდი და ზაფხულში არ გავყიდე“.
0
0