06/04/2023
20:18
სამართალი
აკერმანიც ცოცხალი რომ ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა მედიასთან განაცხადა, როდესაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი გადაწყვეტილების საფუძველზე აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს.
ლილუაშვილის თქმით, ქომინსის ქვეყანაში არ შემოშვების თაობაზე აშშ-ის საელჩო უწყებას არ დაკავშირებია და „ალბათ, მიზეზი თავადაც კარგად იციან“.
„ვადასტურებ, რომ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. აკერმანი ცოცხალი აღარ არის, დააყენეთ ის კაცი, შეიძლება ქომინსი უარეს საქმიანობასაც ეწეოდა. ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია რატომ არ შემოვუშვით, ალბათ მიზეზი თავადაც კარგად იციან. აკერმანიც რომ ცოცხალი ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით, მას შემდეგ რაც მხილებული იყო იმაში, რა საქმიანობითაც იყო დაკავებული“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, ვერ იტყვის სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა მის არ შემოშვებასთან და აღნიშნა, რომ ეს ამერიკულ მხარეს უნდა ვკითხოთ, თუმცა, ეს კავშირი არ გამორიცხა.
„შეიძლება კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება არ არსებობს, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ პირებს", - განაცხადა ლილუაშვილმა.
სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯეიმსონ მარშალ ქომინსის "საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრეინინგებასთან, მითითების გაცემასთან და ა.შ.".
0
0