
მგონია, რომ პოლიტიკური პარტიები ძალიან გავერთეთ ქვეყნის შიგნით მიტინგების დაორგანიზებით, რომელიც სინამდვილეში თავისთავად ორგანიზდება - ჩვენ გვაქვს სხვა სფერო, სადაც ვართ შეუცვლელები, ეს არის ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
აკაკი ბობოხიძის განმარტებით, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, საქართველო არასდროს ჩამოვიდეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან.
„ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ეს ხელისუფლება არსებობს, მაგრამ იმ სივრცისთვის, საითკენაც ჩვენ ვისწრაფვით, სივრცისთვის, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილი გულშემატკივარი და პარტნიორია, ეს ხელისუფლება არ არსებობს და მათ მიერ ჩატარებული არჩევნები არ იარსებებს, თუ ის არჩევნები არ იქნა სამართლიანი, არ იქნა სანდოობის მაღალი ხარისხი და რაც მთავარია, არ იქნა პოლიტიკური კონსენსუსი, რომელშიც „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება წამოვიდეს დათმობებზე, ან უკეთესი, „ქართული ოცნება“ საერთოდ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
28 ნოემბერს რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის ჩემმა პოლიტიკურმა პარტიამაც, გამოაცხადა, რომ გვაქვს მიტინგი. მე მგონია, რომ პოლიტიკური პარტიები ძალიან გავერთეთ ქვეყნის შიგნით მიტინგების დაორგანიზებით, რომელიც სინამდვილეში თავისთავად ორგანიზდება სამოქალაქო ჯგუფების მიერ. ხანდახან მახსენდება ყვარყვარე თუთაბერი, ჯარს რომ ჩაუდგება წინ. ეს ჯარი არსებობს ქვეყნის შიგნით და ამიტომ მე პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებდი, იმ სფეროში გადაერთონ და გადაიტანონ აქტივობა და თავიანთი ძალისხმევის დიდი ნაწილი, რომელშიც ისინი შეუცვლელები არიან. აქ რუსთაველის პროცესი ჩვენს გარეშე მიდის. ჩვენ გვაქვს სხვა სფერო, სადაც ვართ შეუცვლელები, ეს არის ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა. საქართველო არასდროს არ უნდა ჩამოვიდეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ბობოხიძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში მყისიერი პოლიტიკური ცვლილებები არ იქნება.
„ამ ეტაპზე არ იქნება არანაირი ცვლილება. ჩვენ წინ გველოდება ხანგრძლივი ბრძოლა, თუ „ქართულმა ოცნებამ“ რამე ისეთი ნაბიჯი არ გადადგა, რომელიც ხალხში მყისიერ აფეთქებას გამოიწვევს ისე, როგორც გამოიწვია 28 ნოემბერს კობახიძის განცხადებამ”, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
რაც შეეხება სანქციებს, აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ შეცდომაა ოპოზიციის მცდელობა, რომ სანქციები შეეხოს მხოლოდ ხელისუფლებას და არა საქართველოს.
„ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი ცდილობს, რომ სანქციები შეეხოს არა საქართველოს, არამედ პერსონალურად ხელისუფლების წარმომადგენლებს. მე მგონი, აქ ცოტა ვცდებით იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვართ ჩიხში და მგონია, რომ რაც უფრო მალე მივადგებით ჩიხის ბოლოს, მით უფრო მალე დავბრუნდებით უკან. როცა პროცესი ჩერდება, დრო იკარგება ბოლოში გასვლაში. ბოლოში გასვლა იცით რა იქნება? საბოლოო ჯაში, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, ხელისუფლების შეცდომებზე პასუხისგება მოუწევს ქართველ ხალხს და მაინც შეეხება ეს ყველაფერი ქართველ ხალხს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
0
0