
აჯაფსანდალი ძალიან კარგი კერძია, მაგრამ პოლიტიკური აჯაფსანდალი პოლიტიკურ მენიუში არ არის კარგი კერძი, რომელიც მოქალაქეებმა შეიძლება შეუკვეთონ რესტორანში - ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ გავერთიანდებით, არ ვართ ადამიანები, რომლებიც მოხეტიალე სულივით სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის არიან გაჭედილები და დადიან ერთი პარტიიდან მეორეში,- ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იდეასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
სიჭინავას თქმით, გახარიას პარტია ყველა პოლიტიკურ გაერთიანებასთან კოორდინაციაში იქნება იმ ორი მიზნის გარშემო, რაც პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს გულისხმობს.
„ადამიანები სადღეგრძელოებით გვესაუბრებოდნენ ერთობაზე და მეორე მხრივ რომელიღაც კოალიციის წევრები, რაღაც „გავრილოვის ღამის“ პარტიას ეძახდნენ ჩვენს პარტიას... ეს ადამიანები ერთობისკენ არიან მოწოდებულები? ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ გავერთიანდებით. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური იდენტობა გვაქვს. არ ვართ ადამიანები, რომლებიც მოხეტიალე სულივით სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის არიან გაჭედილები და დადიან ერთი პარტიიდან მეორეში, მეორიდან მესამეში. მოგზაურობაა ზოგიერთი მათგანის მთელი პოლიტიკური ისტორია. ჩვენ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ხედვა და ფასეულობები გვაქვს. ერთიანობა რას ნიშნავს? მაინცდამაინც ერთი სიის გარშემო ერთიანობას? აჯაფსანდალი ძალიან კარგი კერძია, მაგრამ პოლიტიკური აჯაფსანდალი პოლიტიკურ მენიუში არ არის კარგი კერძი, რომელიც მოქალაქეებმა შეიძლება შეუკვეთონ რესტორანში. ამიტომ, კოორდინაციაში ვიქნებით ყველასთან. საერთო ბრძოლა გვაქვს, ახალი არჩევნებია მოსატანი და ადამიანები, რომლებიც ციხის საკნიდან გვიყურებენ, გასათავისუფლებლები არიან. ამ ამბავში ყველას გვერდით ვიქნებით და ყველაფერს გვერდით გადავდებთ. მაგრამ ერთი სია და ის, რომ ერთიანობის პრობლემაა, არ არის სწორი ფორმულირება. ეს არ არის დაკვეთა“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება ახალი არჩევნების ჩატარების გეგმასთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გეგმას, ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ გახარიას პარტია დოკუმენტზე მუშაობაში მონაწილეობს.
„სალომე ზურაბიშვილთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ. ასეთ პროცესში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პროცესს უნდა ჰქონდეს შინაარსი, მხოლოდ სურვილები საკმარისი არაა. ახალი არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს, ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ როგორ მივიღოთ ახალი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, როგორ ჩატარდება არჩევნები, თუმცა ორივე განუყოფელია საკითხია“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
გარდა ამისა, ბერდია სიჭინავამ ისაუბრა ახალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქციების 100 დღეზე და დაასახელა შედეგები, რომელიც ამ პროცესმა მოიტანა. მისივე თქმით, ის, რომ აქციები 100 დღე გრძელდება უპრეცედენტოა და ამით, „პროტესტმა აჩვენა, რომ ცოცხალია“.
0
0