04/11/2024
20:39
პოლიტიკა
ჩვენ გარშემო არიან ქართველები, ვისი სულებიც სირცხვილით იწვის. მათ იმის უფლება და შესაძლებლობა არ აქვთ, ჩვენთან ერთად ბრაზი გამოხატონ დღეს რუსთაველზე, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მელიას თქმით, ღირსების დაცვა იქნება ბოლომდე სიცოცხლის ფასად.
„ჩვენს სანათესაოში ცხოვრობს ხალხი, ვისაც არ სურდა „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა, მაგრამ, პრაქტიკულად, აიძულეს, იარაღი დაადეს შუბლზე, რა თქმა უნდა, მეტაფორულად ვამბობ, აყარეს ღირსება. ის ადამიანები დღეს სულით ტირიან. ჩვენ გარშემო არიან ქართველები, ვისი სულებიც იწვის სირცხვილით. მათ იმის უფლება და შესაძლებლობა არ აქვთ, ჩვენთან ერთად ბრაზი გამოხატონ დღეს რუსთაველზე. მაშასადამე, ვისაც წილად გვერგო პატივი, ვიყოთ გაცილებით თავისუფლები, ვიდრე არიან ჩვენი თანამოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები, ვიტვირთოთ და ვიკისროთ მეტი პასუხისმგებლობა.
საქართველოს ერთი მოქალაქის სახელით გეუბნებით, რომ ღირსების დაცვა იქნება ბოლომდე სიცოცხლის ფასად. ვენდოთ ერთმანეთს, დავუჯეროთ ერთმანეთს და გამარჯვება იქნება გარდაუვალი. რუსული ფული ამ ქვეყანაში ვერ იშრიალებს და ვერც რუსული ფულით შენარჩუნებული ხელისუფლება ეყოლება ქვეყანას. არაფერი დღეს არ დაწყებულა, არც გუშინ, გრძელდება განმათავისუფლებელი ბრძოლა საქართველოსი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0