
ირანის უკანასკნელი შაჰის შვილმა და ოპოზიციის ლიდერმა, რეზა ფეჰლევიმ ქვეყანასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაში ირანის სულიერ ლიდერს დასდო ბრალი.
მისი თქმით, აიათოლა ალი ხამენეის კორუფციულმა რეჟიმმა ირანის ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზე მიიყვანა.
„ალი ხამენეიმ და მისმა კორუმპირებულმა, დესტრუქციულმა რეჟიმმა ჩვენი ერის ეკონომიკა კოლაფსის ზღვართან მიიყვანა, ქვეყნის ეროვნული ინფრასტრუქტურა და რესურსები გაძარცვა, ერის სიმდიდრე ბირთვული იარაღის განვითარებაზე გაფლანგა, ირანის უსაფრთხოება დაარღვია და ირანელი ხალხის სუვერენიტეტი მოიპარა“, – აცხადებს ფეჰლევი.
მისივე თქმით, ამჟამად ირანის მმართველი რეჟიმი ჩამოშლის პირასაა და მას არ უნდა მიეცეს უფლება, გააგრძელოს ქვეყნის მართვა.
„სანდო ცნობების მიხედვით, ალი ხამენეის ოჯახი და რეჟიმის უმაღლესი ოფიციალური პირების ოჯახებიც ირანიდან გასაქცევად ემზადებიან. რეჟიმი მთელ ქვეყანაში, ქალაქებსა და დასახლებებში გამოფიტულია. არმია დაყოფილია. ხალხი გაერთიანებულია. 46-წლიანი ტირანიის საფუძვლები ირყევა. ეს არის ჩვენი ბერლინის კედლის მომენტი, მაგრამ როგორც ყველა დიდი ცვლილების მომენტი, ის საფრთხითაა აღსავსე. ჩვენ გზაგასაყარზე ვდგავართ. ერთი გზა სისხლისღვრისა და ქაოსისკენ მიდის, მეორე – მშვიდობიანი და დემოკრატიული გარდაქმნისკენ“, – განაცხადა ირანელმა ოპოზიონერმა.
0
0
ირანმა კატარსა და ერაყში რაკეტები გაუშვა
23/06/2025