05/09/2023
17:18
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის ცნობით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონეზე ყველაზე დიდი გავლენა მწვანილის ფასის 115.9%-ით ზრდამ იქონია - ამან თვის ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით (პპ) გაზარდა. გარდა ამისა, ბენზინის 4.2%-ით გაძვირებას თვის ინფლაციაზე დამატებით 0.2 პპ გავლენა ჰქონდა.
ეროვნული ბანკის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, აგვისტოში სურსათის ფასები წლიურად 2.2%-ით გაიზარდა, რამაც ინფლაცია 0.7 პპ-ით გაზარდა.
გაძვირებული სურსათიდან გამოსარჩევია მწვანილი და ძროხის ხორცი, რომელთა ჯამური წვლილი წლიურ ინფლაციაში 0.9 პპ იყო, ხოლო გაიაფებული სურსათიდან აღსანიშნავია მზესუმზირის ზეთი და პური.
"ამ ორი პროდუქტის გაიაფებამ ინფლაცია ჯამში 1.1 პპ-ით შეამცირა. აგვისტოში დანარჩენი პროდუქტებიდან გამოსარჩევი ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფება იყო, რაც ჯამში ინფლაციას 1.0 პპ-ით ამცირებდა, ხოლო გაზრდილი საბანკო მომსახურების და ბინის დაქირავების ღირებულება ინფლაციას შესაბამისად, 0.4 პპ-ით და 0.2 პპ-ით ზრდიდა" - აღნიშნავს ეროვნული ბანკი.
სებ-ის შეფასებით, ინფლაციის შემცირება მეტწილად იმპორტული ინფლაციის კლებამ განაპირობა - აგვისტოში იმპორტირებული საქონლის წლიური 5.8%-იანი დეფლაცია იყო, მაშინ, როცა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიური ინფლაცია 6.1%-ს შეადგენს.
0
0