
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ომის ვეტერანის, ლაშა გიგაურის 8 სულიანი ოჯახი სახლიდან ამ მეთოდებით გამოასახლა. სახლი ოჯახს მევახშისგან ჰქონდა ნაგირავები.
„მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმეზე, ხედავთ, როგორი ძალმომრეობითი ქმედებით… მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი აღსრულება ჰქვია პროცესს… თუმცა ასეთი ფორმით არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. ასევე, მოვითხოვთ კრედიტორის დასწრებას. ამას კანონი ითვალისწინებს, თუმცა საქართველოში ძალმომრეობითი ქმედებით ხორციელდება ეს პროცესი.
სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს; არსებობს დანაშაულის ნიშნები; დაყადაღებულია ქონება. სამწუხაროდ, გამოძიების დასრულებამდე ხდება ამ ქონების გამოთავისუფლება, რაც წესით არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამოცემა „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოსახლების პროცესი საქალაქო სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობს და ბიუროს მისი გადავადების საფუძველი არ ჰქონდა.
"3 წელია, ეს საქმე შემოსულია ბიუროში. ამ 3 წელში გამოსახლების პროცესი შეჩერებული იყო როგორც პანდემიის პერიოდში, ასევე მორალური პრინციპების საფუძველზე და დროის მიცემის მიზნით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ერთხელ გადადო ეს გამოსახლება.
3 წელი ჩართულები იყვნენ მხარეთა ინტერესების მენეჯერები, სოციალური მუშაკები. ფაქტობრივად, ყოველდღიური კომუნიკაცია იყო ყველა მხარესთან. ბოლო შეხვედრა გუშინ გაიმართა ბიუროს ოფისში, თუმცა მხარეებმა შეთანხმება მთელი სამი წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს.
არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გადაგვედო აღსრულების პროცესი, არ გვქონდა." - ამბობენ ბიუროში.
0
0