29/03/2023
13:41
მსოფლიო
ბრიტანელმა ასტრონომებმა ულტრამასიური „შავი ხვრელი“ აღმოაჩინეს, რომელიც მზის ზომაზე დაახლოებით 33 მილიარდჯერ მეტია.
დურჰამის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ გიგანტური „შავი ხვრელი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა.
„ეს კონკრეტული შავი ხვრელი, რომელიც პლანეტა მზის მასას დაახლოებით 30 მილიარდჯერ აღემატება, ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა. ჩვენ გვჯერა, რომ შავი ხვრელები შეიძლება თეორიულ მასალად იქცეს, ამიტომ ეს უაღრესად საინტერესო აღმოჩენაა," - თქვა დურჰამის უნივერსიტეტის მეცნიერმა, ჯეიმს ნაითინგეილმა.
ულტრამასიური „შავი ხვრელები“ ისეთი ყველაზე დიდი ობიექტებია, რომლებიც მზის მასაზე 10-დან 40 მილიარდჯერ მეტია. ასტრონომები თვლიან, რომ მათი პოვნა შესაძლებელია ყველა დიდი გალაქტიკის ცენტრში, როგორიცაა, მაგალითად, „ირმის ნახტომი“, რომელიც მზის სისტემას მოიცავს. მკვლევარებმა გამოიყენეს ფენომენი, რომელიც ცნობილია, როგორც გრავიტაციული ლინზირება. სწორედ მისი დახმარებით გამოვლინდა ულტრამასიური შავი ხვრელის არსებობა ზონაში, სადაც გრავიტაციის ძალა იმდენად ძლიერია, რომ მას სინათლეც ვერ უძლებს.
დურჰამის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ულტრამასიური „შავი ხვრელის“ ზომის დასადგენად სუპერკომპიუტერული სიმულაციები და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით გადაღებული სურათები გამოიყენეს. მათი თქმით, ეს პირველი „შავი ხვრელია“, რომელიც გრავიტაციული ლინზირების საშუალებით იპოვეს.
„ყველაზე დიდი „შავი ხვრელების“ უმეტესობა, რომელთა შესახებაც ჩვენ ვიცით, აქტიურ მდგომარეობაშია, სადაც მატერია, რომელიც „შავ ხვრელთან“ ახლოსაა, თბება და ათავისუფლებს ენერგიას სინათლის, რენტგენის და სხვაგვარი გამოსხივების სახით. თუმცა, გრავიტაციული ლინზირება არააქტიური „შავი ხვრელების“ შესწავლის საშუალებას გვაძლევს, რაც ამჟამად შეუძლებელია შორეულ გალაქტიკებში. ამ მეთოდით შეიძლება კიდევ ბევრი „შავი ხვრელი“ ვიპოვოთ ჩვენი ადგილობრივი სამყაროს მიღმა და გამოვავლინოთ, თუ როგორ განვითარდნენ ეს ეგზოტიკური ობიექტები კოსმიურ დროში,“ - აღნიშნა ჯეიმს ნაითინგეილმა.
მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათი აღმოჩენა "საოცარი შანსია" იმისთვის, რომ ასტრონომებმა უფრო მეტი ულტრამასიური „შავი ხვრელი“ აღმოაჩინონ, ვიდრე მანამდე წარმოედგინათ.
0
0