
დღეს მოვისმინე ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელიც საუბრობდა, ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავსაჯოთ აქციების ძალადობით დაშლაო და არ ვიცი, როდის აქეთ გახდა ელჩის ფუნქცია პროკურორობა, ან მოსამართლეობა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„რა ელჩის საქმეა მუშაობა დასჯაზე? მათ შორის თქვა, სამწუხაროდ, ვერ ვთანხმდებით, რადგან უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგია, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთო. ბოდიში, მაგრამ ევროკავშირის ელჩი ვის წარმოადგენს, მარტო ესტონეთსა და ლიტვას წარმოადგენს, თუ უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის წევრები არ არიან და მათ არ წარმოადგენს, თუ ვისი სახელით გველაპარაკება ევროკავშირის ელჩი, როცა საუბრობს, რომ ის მუშაობს ვიღაცების დასჯაზე? არავის დასჯაზე არ მუშაობს უნგრეთი, არავის დასჯაზე არ მუშაობს სლოვაკეთი და არავის დასჯაზე არ მუშაობს კიდევ ბევრი ქვეყანა ევროკავშირში. ეს არის აღმაშფოთებელი, როდესაც ევროკავშირის ელჩს ვერ გაურკვევია, რა არის მისი ფუნქცია და მგონი, ახლა თავი პროკურორი ჰგონია, რომ აქ დამნაშავეები უნდა გამოავლინოს და დასაჯოს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის ელჩს აქვს მცდელობები, რომ რაღაც მორალისტური ლექციები წაგვიკითხოს ხოლმე.
„შევახსენებ მას, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი საქართველოში აფინანსებს რადიკალიზმს, აფინანსებს პარტიებს და ეს მან ძალიან კარგად იცის თავად; ზეპირად იცის ამ ფონდის თითოეული დაფინანსება და არ გვეუბნება ჩვენ, ისევე, როგორც ევროკავშირი და ევროკომისია, რომლებსაც მივმართეთ ოფიციალურად და გვიმალავენ, რაში იხარჯება ევროკავშირის ფული. მარტივი ლოგიკაა საზოგადოებისთვის, თუკი გაირკვა, დადასტურდა და აღიარა აშშ-ის ადმინისტრაციამ, რომ მისი ფული ყველა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოც, მოხვდა სხვადასხვა ანგარიშში, იხარჯებოდა დესტაბილიზაციისთვის, არარსებული იდეოლოგიის თავს მოხვევისთვის, პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის, მედიაპროპაგანდისთვის და თუკი ამერიკული ფული იხარჯებოდა ამ ყველაფერში, ბრიუსელიდან წამოსული ფული როგორ დარჩა ასე სუფთა და ამაში არ იხარჯებოდა? თან, ეს ფული ხომ კომბინირდებოდა ერთი და იგივე ორგანიზაციაში? მაგალითად, ISFED-ი, რომელმაც USAID-თან ერთად ჯერ 2020-ში ყალბი პარალელური დათვლის შედეგებით ატყუა საზოგადოება, ახლა კი, 2024-ში საერთოდ დამალა ეს პარალელური დათვლის შედეგები ISFED-მა და საერთოდ არ გამოაქვეყნა. ჩვენ გვაქვს ამაზე საკმაოდ მყარი, საფუძვლიანი ეჭვი და ინფორმაცია, რომ ეს იყო მისი დონორისგან იძულება, რომ მას არ გამოექვეყნებინა ეს შედეგები. დღეს მას ჩაუხსნა ამერიკამ თავისი დაფინანსება, მაგრამ დარჩა ევროკავშირის დაფინანსება. აი, ახლა როგორ ხდებოდა, ამერიკული ფულით მალავდა შედეგებს, ყალბ შედეგებს გვაჩვენებდა, დეზინფორმაციას ავრცელებდა მხოლოდ ამერიკული ფულით და ბრიუსელის ფული აქ სუფთა იყო? რა თქმა უნდა, ესეც იგივე მავნე წრეში იყო ჩართული. ამიტომ, ევროკავშირის ელჩმა, ნაცვლად აქ პროკურორობისა და პროკურორის ფუნქციის შეთავსებისა, არ ვიცი, თუ დარბის ახლა გამომძიებლის ლუპით ხელში, ეძებს დამნაშავეებს და უნდა, დასაჯოს, გააკეთოს ის, რაც არის მისი ფუნქცია. მისი ფუნქცია არის, საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის, უთხრას გამჭვირვალედ, რაში იხარჯება ბრიუსელიდან წამოსული ფული, თითოეული ცენტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმან, რასაც საგარეო დახმარებათან დაკავშირებით ვხედავთ, თავდაყირა დააყენა საგარეო დახმარების მთელი ისტორია.
„დღეს ყველა ქვეყანა არის ეჭვმიტანილი, ავტომატურად. დანიაც, შვედეთიც, ჰოლანდიაც, ევროკავშირი, როგორც ასეთი, ყველა დონორი ეჭვმიტანლია. ვინაიდან ამერიკამ თქვა, რომ მისი ფული იხარჯებოდა ამ მხრივ, ყველა დონორი არის ავტომატურად ეჭვმიტანილი და ყველა დონორის პასუხისმგებლობაა, იზრუნოს, რომ მისი რეპუტაცია გამოსწორდეს ამ მხრივ. ქართველ ხალხს აჩვენონ, დანიის პრემიერ-მინისტრი გამოირჩევა ხოლმე საქართველოს მიმართ განცხადებებით და არ გვახსოვს ახლა აგვისტოში ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას რომ აფინანსებდნენ, დემოკრატიის ფესტივალი რომ ერქვა და ხან სააკაშვილის პლაკატი იყო იქ, ხან „ლელო“ დარბოდა და ხან ვინ იმ ფესტივალზე? არ გვახსოვს ეს ყველაფერი? ამიტომ, ყველამ უნდა გამოაქვეყნოს, გაასაჯაროოს ეს დაფინანსებები და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის ელჩს, ნაცვლად მორალისტობისა, დღეს უკვე გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს, ევროპის დემოკრატიის ფონდის თითოეული ცენტი რაში აქვს დახარჯული. რატომ ეშინიათ ამის გასაჯაროება, იცით? როგორც კი გაასაჯაროებენ, რაც მოხდა USAID-ისა და ამერიკული დაფინანსების შემთხვევაში, ზუსტად ისეთივე სკანდალი აიწევა. იცით, რას გავიგებთ? გავიგებთ დანამდვილებით, „დროას“ გარდა და ხოშტარიას გარდა, ვის აფინანსებდნენ. ერთი-ორი პოლიტიკოსი მე ვიცი, ვისაც აფინანსებდნენ და მათ შორის, ზოგიერთს თავისი მიამიტობით პირადადაც უთქვამთ მერე ჩვენთვის, უი, ვიცნობთ, ეს ფონდი ჩვენც გვაფინანსებდაო და უცებ აღმოაჩენ, რომ თურმე, პოლიტიკოსებს აფინანსებდა ეს ფონდი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0