07/08/2023
22:54
მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის მიზნით დაგეგმილი შეთქმულების საქმეზე დაკავებულია რუსეთის სავარაუდო ინფორმატორი.
როგორც CNN უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული პიროვნების სახელი და გვარი არ გასაჯაროებულა, თუმცა, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ის ნიკოლაევის ოლქის მცხოვრები ქალია.
„ის ინფორმაციას აგროვებდა ივლისის ბოლოს ნიკოლაევში ზელენსკის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, რომ რუსეთს პრეზიდენტის მოსაკლავად საჰაერო თავდასხმა დაეგეგმა“, - წერს CNN.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა „ეჭვმიტანილის დივერსიული მოქმედებების“ შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს და უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს, რათა შეთქმულება ჩაეშალათ.
არსებული ცნობით, ქალი იმ დროს დააკავეს, როცა მოპოვებული ინფორმაციის მტრისთვის გადაცემას აპირებდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ქალს ასევე დავალებული ჰქონდა, დაედგინა უკრაინელთა ელექტრონული ომის სისტემებისა და იმ საწყობების ადგილმდებარეობა, რომლებშიც შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალები ინახებოდა.
„სავარაუდოდ, მან მოიარა რაიონის ტერიტორია და გადაიღო აღნიშნული ლოკაციები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე წარსულში სამხედრო მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა.
0
0