აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს და ზეიმობს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს. ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედაც. ამ დღეს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმიდა გარდამოვიდა მოციქულებზე და მორწმუნეებზე.
წმინდა წერილის მიხედვით, ამაღლების შემდეგ, ქრისტეს მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ მაცხოვრის მიერ დაპირებული ნუგეშისმცემლის – სულიწმიდის მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს, დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღვთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე, რომლებზეც მანამდე არასოდეს უსაუბრიათ.
სულიწმიდის მადლი ქრისტეს 12 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია.
სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც თორმეტთაგან ერთ-ერთია საუფლო დღესასწაულებს შორის, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა სრულდება; წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც მორწმუნეები პირველად მოიყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. ამ დღეს ქრისტიანები, ასევე, პირველად ამბობენ სულიწმიდის მოწვევის ლოცვას – “მეუფეო ზეცათაო” დასაწყის ლოცვებში.
0
0