28/11/2024
18:01
სამართალი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი განმარტავს, თუ რა ეტაპების გავლის შემდეგ მოხდება მისი დაცვის ქვეშ მყოფის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.
ადვოკატის თქმით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს, სწორედ აღნიშნული ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ უნდა გადაწყვიტოს იუსტიციის მინისტრმა, მოაწერს თუ არა ის აფგან სადიგოვის ექსტრადიციის შესახებ ბრძანებას ხელს.
"ჩვენთვის მოულოდნელი და გულდასაწყვეტი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენს მიერ წარდგენილი იყო მტკიცებულებები, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, ანგარიშები, რომლითაც დასტურდება, რომ აფგან სადიგოვი წლების განმავლობაში, სწორედ კრიტიკული ჟურნალისტური საქმიანობის გამო განიცდიდა დევნას აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან, რაც მის თვითნებურ დაკავებაში გამოიხატებოდა.
სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება 7 დღის ვადაში. თუკი, უზენაესმა სასამართლომაც ექსტრადიციის დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, უკვე იუსტიციის მინისტრს აქვს მექანიზმი, რომ ბრძანება არ გამოსცეს ექსტრადიციის თაობაზე. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმსაც აუცილებლად გამოვიყენებთ.
გარდა ამისა, ადმინისტრაციული დავა გვაქვს თავშესაფრის ნაწილში, საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსთან დაკავშირებით, ვიდრე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ ექნება, იუსტიციის მინისტრს უფლებამოსილება არ ექნება, ექსტრადიციის შესახებ ბრძანება გამოსცეს",- განაცხადა ჩუთლაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადირებული იქნება.
0
0